საშობაო ეპისტოლე 2015

წერეთელი: უნდა დაინერგოს პრევენციის მეთოდები, რათა შემცირდეს აბორტის რიცხვი

www.radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთლის თქმით, აბორტი არასასიამოვნო მოვლენაა და მისი თავიდან აცილებისთვის მოსახლეობის მეტი განათლებაა საჭირო. მისივე შეფასებით, აბორტის რიცხვის შესამცირებლად საქართველოში პრევენციის მეთოდები უნდა დაინერგოს. 

"ყველასათვის ცნობილია, როგორ მიიჩნევს ეკლესია აბორტს. მიგვაჩნია, რომ აბორტი არის არასასურველი მოვლენა. ამისათვის საჭიროა ჩვენი მოსახლეობის მეტი განათლება. საჭიროა სწორედ ოჯახის დაგეგმვა და ამ მხრივ იყოს პროგრამები, მეტი ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, რომ ადამიანები არ მიდიოდნენ ასეთ გადაწყვეტილებამდე და საფრთხეში არ იგდებდნენ თავს დედებიც, რადგანაც ძალიან ბევრი გართულება აქვს აბორტს. ამიტომ, დღეს თანამედროვე მსოფლიო იცნობს პრევენციის ბევრ მეთოდს და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ეს მეთოდები კიდევ უფრო აქტიურად უნდა იყოს დანერგილი, იმისათვის, რომ შემცირდეს აბორტების რიცხვი", - განაცხადა წერეთელმა.

აბორტის თემას ილია მეორე 2015 წლის საშობაო ეპისტოლეში შეეხო და მას ძალადობის ყველაზე საზარელი ფორმა უწოდა.

"დედა, რომელმაც შვილის მკვლელობის ეს დანაშაული ჩაიდინა და ექიმებიც, არ შეიძლება არ გრძნობდნენ სინდისის ქენჯნას; არ შეიძლება არ გრძნობდნენ დაღვრილი უმანკო სისხლის ძახილს. ამ დანაშაულის გამოსყიდვა მხოლოდ გულმხურვალე სინანულითა და ქველი საქმეებით შეიძლება და კიდევ იმით, რომ ეს ადამიანები გახდნენ ერთგვარი მქადაგებელნი და დაარწმუნონ თავისი ახლობლები და ნაცნობები, რომ მათ მაინც მსგავსი რამ არ ჩაიდინონ და ამით სხვა ჩვილების სიცოცხლე გადაარჩინონ", - ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.

კომენტარები