ავტომანქანის დაწვა

ბათუმში, ავტომანქანის დაწვის გუშინდელ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს–ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში, ავტომანქანის დაწვის გუშინდელ ფაქტზე 1989 წელს დაბადებული ზაზა გ. დააკავეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულსა და ავტომობილის მფლობელს შორის ფინანსური დავა არსებობდა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2015 წლის 22 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმში, იმედაშვილის ქუჩის 27 ნომერში გაჩერებულ „ბე ემ ვე"–ს მარკის ავტომობილს ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ავტომანქანა მოქალაქე დავით მანჯავიძის საკუთრებას წარმოადგენს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულსა და დავით მანჯავიძეს შორის ფინანსური დავა არსებობდა. დაზარალებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზაზა გ–ს კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა მას წინასწარ შეთანხმებული საფასური არ გადაუხადა, რაც მათ შორის უთანხმოების მიზეზი გახდა",-იუწყება შსს.

გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ–ის 187–ე მუხლის ნაწილით).

გუშინ, ავტომანქანის მფლობელი დავით მანჯავიძე ვარაუდობდა, რომ მანქანის დაწვა ნაციონალური მოძრაობის წევრ გივი თარგამაძესთან მეგობრობას უკავშირდებოდა.

კომენტარები