პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

წიკლაური: უსუფაშვილი ცდილობს, მთავრობის უპასუხისმგებლო მოქმედებები გააპრავოს

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობს, "როგორმე გააპრავოს მთავრობის უპასუხისმგებლო მოქმედებები და მათ შეუქმნას კომფორტული ვითარება". დეპუტატი რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის საგაგებო განცხადებას გამოეხმარა.

"ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შეეხო მილიონობით ჩვენს თანამოქალაქეს, მილიონობით ჩვენს პენსიონერს. ამ ვითარებაში, პარლამენტის თავმჯდომარე იმის ნაცვლად, რომ თვითონ იწვევდეს მთავრობას პარლამენტში, თვითონ სთხოვდეს მათ, რომ წარმოადგინოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რათა შევუმსუბუქოთ ჩვენს თანამოქალაქეებს ეს უმძიმესი ვითარება, ამის მაგივრად დაკავებულია იმით, როგორმე გააპრავოს მთავრობის უპასუხისმგებლო მოქმედებები, როგორმე მათ შეუქმნას კომფორტული ვითარება. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უპირველესად მოწოდებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული რთული კრიზისული ვითარება შეიცვალოს, მან უნდა დაიჭიროს ხალხის და არა უპასუხისმგებლო და უუნარო მთავრობის მხარე", - განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობის მთავარი ამოცანაა, "რაც შეიძლება დიდხანს იყოს საგანგაშო მდგომარეობა და რაც შეიძლება დიდხანს ვილაპარაკოთ განგაშსა და უბედურებაზე". დავით უსუფაშვილის განცხადებით, ნუ გაუკვირდება საპარლამენტო ოპოზიციას, "თუ რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობა მიიღებს სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და არ ჩაებმევა ამ უსაგნო ხმაურში". მისი თქმით, "ვერ ავყვებით პოლიტიკურ ოპონენტებს ამ საგანგაშო, საგანგებო რეჟიმის და ვითარების დამკვიდრების მცდელობაში".

კომენტარები