წმიდა ცეცხლის რიტუალი

ქართული მედიის ნაწილი წმინდა ცეცხლის რიტუალს არაპროფესიულად აშუქებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი
ფოტო: 1tv.ge
იერუსალიმში, ტრადიციის მიხედვით იესო ქრისტეს საფლავზე წმიდა ცეცხლის ცერემონიალის მიმდინარეობა ქართული ტელეკომპანიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მათ შორის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, არაპროფესიულად გააშუქა. მაყურებელს, მკითხველსა და მსმენელს მხოლოდ ერთი ინტერპრეტაცია შესთავაზეს. ტელეკომპანიებმა დადასტურებულ ფაქტად მიაწოდეს მრავალკონფესიურ საზოგადოებას, რომ მართლმადიდებელი პატრიარქის მიერ შესრულებული წესის შემდეგ სასწაული მოხდა - ცეცხლი ზებუნებრივად გარდამოვიდა. ყოველგვარი დათქმის გარეშე, ტელეკომპანიებმა მედიაქადაგება ოფიციალურ ვებგვერდებზე, სათაურებისა თუ ახალი ამბის ტექსტის მეშვეობით წარმოადგინეს.

რუსთავი 2
ფოტო: rustavi2.com
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ღია ტექსტით მიმდინარეობდა ერთი რელიგიის, მართლმადიდებლობის უპირატესობის ქადაგება ყველა დანარჩენზე. არც გადასახადების გადამხდელთა ფულით დაფინანსებულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და არც სხვა ტელეკომპანიებმა არ დაუთმეს ეთერი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის პოზიციას, რომელსაც არ მიაჩნია, რომ ცეცხლი ყოველწლიურად, დათქმულ დროს გარდამოდის. ამ ეკლესიის არქიმანდრიტები, რომლებიც იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქთან ერთად შედიან კუვუკლიაში, აცხადებენ, რომ ცეცხლს პატრიარქი და არქიმანდრიტი კუვუკლიაში მოთავსებული კანდლიდან ანთებენ. მათ შორის ერთი კი საჯაროდ შეაქვთ ქრისტეს სავარაუდო საფლავზე.

იმედი
ფოტო: imedi.ge
მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის, 16-ე მუხლის თ - ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ავალდებულებს, რომ "პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება".

რესპექტაბელური დასავლური გამოცემები "წმიდა ცეცხლის გარდამოსვლას" - წმიდა ცეცხლის ცერემონიალად ან წმიდა ცეცხლის რიტუალად მოიხსენიებენ: washingtonpost, The New York Times, BBChuffingtonpost და ა.შ   

კომენტარები