ექსტრადიცია

თაქთაქიშვილი ექსტრადიციის მაჩვენებელზე: ეს პოლიტიკურ დევნას ადასტურებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ 2012 წლის შემდეგ ექსტრადიციის მაჩვენებელზე თანხმობის კლება ადასტურებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა.

"ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ახორციელებს პოლიტიკურ დევნას ქვეყანაში. საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმებულია სწორედ იმაზე, რომ საქართველოში ხორციელდება პოლიტიკური დევნა და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ უარს ეუბნებიან საქართველოს პროკურატურას ექსტრადიციაზე. მაგრამ ამავდროულად ეს აზარალებს რეალურად კრიმინალთან ბრძოლასაც. ამ თვალსაზრისით, შესაძლოა, უარი ეთქვას საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მძიმე დანაშაულთან ბრძოლის პირობებში", - თქვა თაქთაქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IDFI მონაცემებს ავრცელებს, რის თანახმადაც, საზღვარგარეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 2012 წლის შემდგომ ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება.

"რაც შეეხება საქართველოს პროკურატურის მიერ საზღვარგარეთის სამართალდამცავი ორგანოებისათვის ძებნილ პირთა ექსტრადაციის შესახებ გაგზავნილ შუამდგომლობებს, როგორც ირკვევა, 2010-2015 წლებში ყველაზე მეტი (59) აღნიშნული ხასიათის შუამდგომლობა საქართველოს პროკურატურის მიერ დაყენებული იქნა 2010 წელს, რომელთაგან 34 (57,6%) დაკმაყოფილდა. საზღვარგარეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 2012 წლის შემდგომ ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება. 2012 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 70,3% შეადგინა, 2013 წელს - 53.1%, 2014 წელს - 16,2%, ხოლო 2015 წლის საწყისი სამი თვის განმავლობაში მხოლოდ - 9,1%. როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ განმარტებულია, ის შუამდგომლობები, რომელიც არ არის დაკმაყოფილებული, ნაწილი საზღვარგარეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ ამჯერად იმყოფება განხილვის პროცესში, ნაწილზე ითქვა უარი, ხოლო გარკვეულ ნაწილზე შემაფერხებელი გარემოებების აღმოფხვრამდე - დროებითი უარი", - წერს IDFI.

კომენტარები