დათა ახალაიას საქმე

პროკურატურა: სასამართლოს არ განუხილავს ახალაიას ბრალეულობის საკითხი

საქართველოს მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ძალაში დატოვა დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ, პირველი ინსტანციის, პატრას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. 

"2015 წლის 24 აპრილს საბერძნეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პატრას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დავით ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ.

სასამართლომ ასევე დაუშვებლად ცნო დავით ახალაიას ადვოკატის მიერ წარდგენილი საჩივარი პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს პროკურატურისათვის ამ ეტაპზე უცნობია გარემოებები, რომლებიც მხედველობაში მიიღო საბერძნეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავარ პროკურატურას სურს ცალსახად განაცხადოს, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს საერთოდ არ განხილულა დ. ახალაიას ბრალეულობის საკითხი, ვინაიდან აღნიშნულს არ ითვალისწინებს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალეულობის საკითხის განუხილველობის მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირის მიმართ არსებული მტიკცებულებების შეფასება და პირის ბრალეულობის განსაზღვრა წარმოადგენს არა ექსტრადიციის განმხილველი, არამედ ექსტრადიციის ინიციატორი სახელმწიფოს სასამართლო ორგანოების პრეროგატივას", - აცხადებს მთავარი პროკურატურა. 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ახალაიას ექსტრადირებაზე უარი გასული წლის 16 ოქტომბერს თქვა. საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე საქმეზეა დაწყებული, მათ შორისაა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის და გირგვლიანის მკვლელობის საქმეები.

 

კომენტარები