დათა ახალაიას საქმე

ნადარეიშვილი: საბერძნეთმა ახალაიას ექსტრადირებაზე უარი პოლიტ. დევნის გამო თქვა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირებაზე უარი თქვა. როგორც მან ტაბულას უთხრა, რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, საბერძნეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქართული მხარის მოთხოვნა და გადაწყვეტილებაში ამის საფუძვლად პოლიტიკური დევნა მიუთითა.

"ამ წუთებში დამთავრდა სასამართლო. საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა ქართულ მხარეს დათა ახალიას ექსტრადირებაზე. მათ შორის, თვითონ პროკურორმა თქვა პროცესზე, რომ ამ ადამიანზე მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ გაითვალისწინა ეს და გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად პოლიტიკური დევნის საკითხი ჩაწერა", - განაცხადა ნადარეიშვილმა და აღნიშნა, რომ დათა ახალაია ჯერჯერობით დარჩება საბერძნეთში, რადგან მას მოთხოვნილი აქვს პოლიტიკური დევნილის სტატუსი.

"უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ ნოემბერში, ეს საკითხიც გადაწყდება", - უთხრა ნადარეიშვილმა ტაბულას.

აღსანიშნავია, რომ ტაბულას საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, რომ საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია არ აქვთ.

დათა ახალაია მეორე ყოფილი მაღალჩინოსანია, რომლის ექსტრადირებაზეც უცხო ქვეყნის სასამართლომ საქართველოს უარი პოლიტიკური მოტივით უთხრა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა საფრანგეთის სასამართლომაც.

კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. 

საქართველოში დათა ახალაიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის და გირგვლიანის საქმე.

კომენტარები