ახალი მინისტრთა კაბინეტი

ხიდაშელი: პრემიერმინისტრთან უნდა გავიარო სამინისტროს მნიშვნელოვანი საკითხები

მთავრობის კანცელარიაში თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი მივიდა. ის პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

ხიდაშელის განცხადებით ის თავდაცვის ყოფილ მინისტრს უკვე ესაუბრა და მასთან კომუნიკაციას მომავალშიც აპირებს.

"ახლა ვესაუბრე ბატონ მინდია ჯანელიძეს. მთელი დილა ჩვენ ერთად ვიყავით და იმის შემდეგ, რაც მეტნაკლებად მივიღე პირველი სურათი ყოფილი მინისტრისგან და ამჟამად საბჭოს ხელმძღვანელისგან, მოვედი პრემიერთან სასაუბროდ. ვისაუბრებთ ყველა იმ თემაზე, რაც დღეიდან, გუშინდლიდან სამინისტროში ხდება. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს უკვე კონკრეტულ თემებზე და ბუნებრივია, პრემიერთან ერთად უნდა გავიაროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი" - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ჟურნალისტების კითხვა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ აპირებს თუ არა პრემიერი კანდიდატების შეცვლას, ხიდაშელმა უპასუხა: "მივდივარ ამ წუთას ამიტომ, ჯერ არ მინახავს ირაკლი".

თინა ხიდაშელმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის ნაკლებად საინტერესოა რატომ დაბრუნდა მინდია ჯანელიძე ძველ თანამდებობაზე, თუმცა მასთან ყოველდღიურ რეჟიმში აპირებს ურთიერთობას.

"მინდია ჯანელიძე არის ძალიან მნიშვნელოვანი საბჭოს ხელმღვანელი, ის დაბრუნდა თავის თანამდებობაზე. ყოველდღიურ რეჟიმში ვაპირებ ბატონ მინდიასთან ურთიერთობას როგორც მინისტრი უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელთან. შესაბამისად, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა რატომ დაბრუნდა თავის ძველ თანამდებობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ის იქ არის, სადაც არის და ურთიერთობა დიდი ხნის აწყობილია" - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, პრემიერთან დღევანდელ შეხვედრას მინდია ჯანელიძე არ დაესწრება.

მთავრობის კანცელარია უკვე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის სავარაუდოდ პრემიერმინისტრს შეხვდა. კანცელარიაში იმყოფება გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი გიგლა აგულაშვილიც.

კომენტარები