თეა წულუკიანი

წულუკიანი: რაც ხელისუფლებაში ვართ, სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი არ შესულა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი არ შესულა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა სააგენტო უკრინფორმისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, თუ რა ცვლილებებს შეაფასებდა მისი, როგორც მინისტრის წარმატებად, თეა წულუკიანმა უპასუხა: "ჩვენთან ადამიანის უფლებები არ ირღვევა. სტრასბურგის სასამართლოში არ შესულა არცერთი საჩივარი მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით".

იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა პენიტენციარულ სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესებას, სასამართლოს დამოკიდებლობასა და არასრულწლოვნებისთვის მედიაციის პროგრამას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მონაცემებით, 2013 წელს საქართველოდან სასამართლოში 157 სარჩელი შევიდა, 2014 წელს - 102.

კომენტარები