კრიზისი საბერძნეთში

საბერძნეთში მცხოვრები ქართველები სამი დღე საკონსულო მოსაკრებელს არ გადაიხდიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიმართავს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს, 1, 2 და 3 ივლისს საკონსულო მოსაკრებლის გადასახადისგან თავისუფლდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება საბერძნეთში შექმნილ ფინანსურ ვითარებასთან დაკავშირებით მიიღო.

"საბერძნეთის რესპუბლიკაში შექმნილი ფინანსური ვითარების გამო, ითვალისწინებს რა იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 1, 2 და 3 ივლისს საკონსულო მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდეს ყველა ის პირი, ვინც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიმართავს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ქ. სალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს. საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უფასოდ მიიღონ შემდეგი სახის საკონსულო მომსახურებები: საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის აღება; სანოტარო აქტი - მინდობილობის დამოწმება (საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმის წარმოების შესახებ); სანოტარო აქტი - ხელმოწერის დამოწმება (თანხმობა არასრულწლოვანი პირების მგზავრობის შესახებ, სახელის დარქმევის შესახებ); სხვადასხვა სახის ცნობები (ე.წ. ოჯახური შემადგენლობის შესახებ, იდენტურობის შესახებ); საკონსულო ლეგალიზაცია - დაბადების მოწმობის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ", - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო და ქ. სალონიკში გენერალური საკონსულო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

კომენტარები