2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა

ახალგაზრდული ოლიმპიადის მიმდინარეობისას თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

RFE/RL

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება. შსს ქუჩების ჩამონათვალს ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, აღნიშნულ თარიღებსა და მიმართულებებზე ავტომანქანებით გადაადგილებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი.

„ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"-თან დაკავშირებით, ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები:

26 ივლისს 18:20 საათიდან 19:40 საათამდე და ასევე 22:00 საათიდან 22:30 საათამდე სრულად გადაიკეტება მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი „ლოკომოტივის“) სტადიონის მიმდებარე ტერიტორია – წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთიდან კუს ტბის ასახვევამდე;

27 ივლისს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა;

28 ივლისს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გადაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა;

29 ივლისს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი;

30 ივლისს 08:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ პერიოდში თბილისს 50 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი ეწვევა.

 

კომენტარები