2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა

დავით ნარმანია: აბესაძის რაღაცა ნათქვამზე მე კომენტარებს არ ვაკეთებ

ტაბულა

თბილისის მერი დავით ნარმანია ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად დახარჯვის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. აბესაძე ოლიმპიური ფესტივალის სარეკლამოდ გამოყოფილ 3 მილიონ ლარზე საუბრობს, რომელიც მერიამ მას შემდეგ გამოყო, რაც ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა და მისი რეკლამირება ამ დროისთვის სახელმწიფოს არანაირ შემოსავლებს აღარ მოუტანდა. "ნუ, ახლა აბესაძე იტყოდა რაღაცას, აბესაძის რაღაცა ნათქვამზე მე კომენტარებს არ ვაკეთებ", - თქვა ნარმანიამ 

2015 წლის 20 ივლისს ოლიმპიადის დაწყებამდე 13 დღით ადრე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდული ოლიმპიადის უცხოურ არხებზე რეკლამირებისთვის გამოიყო 3 მილიონი ლარი. გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც კომპანიამ Innovative Media Entertainment აიღო ვალდებულება, 1 552 852 აშშ დოლარის სანაცვლოდ, განეხორციელებინა ამ ღონისძიების სარეკლამო გაშუქება უცხოურ არხებზე. 2015 წლის 15 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ უკვე ჩატარებული ფესტივალის უცხოურ არხებზე რეკლამირებისთვის გამოყოფილი თანხა გაზარდა 3 118 301 ლარით, რაც ირაკლი აბესაძის შეფასებით, ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის მითვისების მცდელობის ნიშნებს ჰგავს.

"ამტკიცო, რომ ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ ვერ გათვალეს რეკლამირების ბიუჯეტი, სრული აბსურდია და ამ შემთხვევაში აშკარად სახეზეა მილიონობით ლარის ბიუჯეტიდან მიტაცების მცდელობა. ეს მაშინ, როდესაც დენის ტარიფის გაზრდის, ასევე ზოგადად ქვეყანაში პროდუქციაზე ფასების ზრდის ფონზე მოსახლეობის გაღარიბების პარალელურად, თბილისელების უმრავლესობისთვის უქმდება კომუნალური ვაუჩერი და არ ხორციელდება ეფექტური პროგრამები მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად", - თქვა აბესაძემ.

კომენტარები