კომუნალური ვაუჩერები

აბესაძე: მერიას კომუნალური ვაუჩერების დასარიგებლად ბიუჯეტში 10 მლნ ლარი აკლია

ირაკლი აბესაძე
საკრებულო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, მერიას კომუნალური ვაუჩერების გასაცემად ბიუჯეტში ათი მილიონი ლარი აკლია. შესაბამისად, აბესაძის თქმით, დაპირების რეალურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"კომუნალურ ვაუჩერებზე. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით, მერი ნარმანია და ქართული ოცნების უმრავლესობა გვეიძულებინა, რომ კომუნალური ვაუჩერი შენარჩუნებულიყო იგივე დონეზე სოცდაუცველებისთვის, გაჭირვებული ოჯახებისთვის, როგორც ეს აქამდე იყო და როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ნარმანიამ მიიღო. თუმცა, მეორეც ფაქტია, რომ მათ ამ გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ბიუჯეტში აკლიათ ათი მილიონი ლარი. რამდენად შეძლებენ ისინი ამ ათი მილიონი ლარის მობილიზებას და, შესაბამისად, რამდენად რეალურია ეს დაპირება, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რაც შეეხება ვაუჩერის სხვისთვის გადაცემის შესაძლებლობის გაჩენას, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. უბრალოდ, სოციალურად დაუცველებს სჭირდებათ გარანტირებული მექანიზმი ბიუჯეტში გაწერილი და მათი დატოვება სამუშიას, აბესაძის, პეტრიაშვილის, პავლიაშვილის იმედზე, რომ ისინი უარს იტყვიან საკუთარ ვაუჩერზე და გადასცემენ სოციალურად დაუცველს, ეს აბსოლუტურად გაუმართლებელია", - განაცხადა აბესაძემ.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ კომუნალურ ვაუჩერს ყველა თბილისელი მიიღებს. 

"გუშინ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე კომუნალური ვაუჩერის გაცემის ახალი წესი წარმოადგინა, რომლის თანახმად, ვაუჩერს ყველა თბილისელი უკლებლივ მიიღებს. თბილისის საკრებულოს უმრავლესობა საკუთარი სურვილით უარს ამბობს კომუნალური ვაუჩერის მიღებაზე, რითაც სოციალური სოლიდარობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ და ისაუბრა ინიციატივაზე, რომლის თანახმად, ოჯახებს, რომლებსაც ფინანსური მდგომარეობის გამო არ ესაჭიროებათ კომუნალური ვაუჩერი, შეუძლიათ უარი თქვან მათ მიღებაზე.

"მივმართავთ თბილისის მთავრობას, ტექნიკურად უზრუნველყოს ვაუჩერზე სხვა ოჯახის სასარგებლოდ უარის თქმის შესაძლებლობაც, რადგან ვფიქრობ, თბილისში მცხოვრები არაერთი ოჯახი მოგვბაძავს. თითოეული მათგანის მხრიდან ეს იქნება სოლიდარობის გამოხატვა საზოგადოების სოციალურად შეჭირვებული ადამიანების მიმართ", - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

საკრებულოს წევრის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ თბილისელებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-ზე ნაკლებია, 2015 წელს გაორმაგებული სუბსიდიის გარდა, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებით გამოწვეული სხვაობაც აუნაზღაურდებათ.

კომენტარები