სატელევიზიო რეიტინგები

2016 წლიდან სატელევიზიო რეიტინგების ბაზარზე ახალი კომპანია შემოდის

2016 წლიდან სატელევიზიო რეიტინგების ბაზარზე სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი ახალი კომპანია შპს ტრი მედია ინტელიჯენსი შემოდის, რომელიც საერთაშორისო კომპანია Kantar Media-ს ოფიციალური ლიცენზიანტია. როგორც მედიის განვითარების ფონდი წერს, ტრი მედია ინტელიჯენსი 48 კომპანიასთან აპირებს თანამშრომლობას. მათ ვინაობას სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი ახალი კომპანია ამ ეტაპზე არ ასახელებს. ამასთან, ტრიმედია მომხმარებელს 600 ოჯახამდე გაზრდილ პანელს სთავაზობს. ცნობისთვის, 2005 წლიდან დღემდე ბაზარზე სატელევიზიო აუდიტორიას ერთადერთი კომპანია თი-ვი-ემ-არ საქართველო ზომავდა, რომელიც საერთაშორისო კომპანია Nielsen-ის ოფიციალური ლიცენზიანტია. თი-ვი-ემ-არ საქართველოს მომსახურებით 34 ორგანიზაცია სარგებლობს. ასევე, კომპანია 355-ოჯახიანი პანელის გაზრდას იანვრიდან 450-მდე გეგმავს.

შპს ტრი მედია ინტელიჯენსი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2014 წლის 13 ოქტომბერს დარეგისტრირდა და ბაზარზე საერთაშორისო კომპანია Kantar Media-ს ლიცენზიით შემოსვლის შესახებ განაცხადი ოქტომბერშივე გააკეთა. კომპანიის 50-50% წილის მესაკუთრეები მერაბ ფაჩულია და გიორგი თევდორაშვილი არიან. მერაბ ფაჩულია საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის GORBI-ის 70 %-იანი წილის მფლობელიც არის. გიორგი თევდორაშვილი კი, პალიტრა ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში წილებს ფლობს. 

ტრი მედია ინტელიჯენსის დირექტორმა ცოტნე მირცხულავამ მედიის განვითარების ფონდს განუცხადა, რომ კომპანიამ უკვე შეისწავლა 6 600 ოჯახი საქართველოს 7 ქალაქში. მათთან ინტერვიუ Kantar Media-ს მიერ შედგენილი კითხვარის მიხედვით GORBI-ის 43-მა თანამშრომელმა ჩაატარა. შესწავლილი 6 600 ოჯახიდან 600-მდე ოჯახი შეირჩა და ტელევიზორებზე სპეციალური მოწყობილობა ე.წ. ფიფლმეტრები (people meter) დააყენეს.

რაც შეეხება დაფინანსებას და ფინანსურ გამჭვირვალობას, ორგანიზაციის დამფუძნებლის მერაბ ფაჩულიას განმარტებით, კომპანია ამ საკითხზე განცხადებას 2016 წლის 1 იანვრამდე, სატელევიზიო აუდიტორიის რეიტინგის კვლევის დაწყებამდე გააკეთებს. ტრი მედია ინტელიჯენსის დირექტორის თქმით, კომპანია დამფუძნებლების და საბანკო კრედიტის მეშვეობით ფინანსდება. 

სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი კომპანიების დამკვეთები ტელევიზიები, სარეკლამო სააგენტოები და მედიასელერები არიან. ტელევიზიებს რეიტინგების გაზომვა პროგრამირებისთვის და რეკლამის მოსაზიდად სჭირდებათ, ხოლო სარეკლამო სააგენტოები და მედიასელერები რეკლამის განთავსებას სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით ახდენენ.

კომენტარები