ოდეერი უნივერსიტეტში

თორმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაციები

თორმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია თსუ-ში ე.წ ოდეერების არსებობის გამოსაძიებლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ისინი მიიჩნევენ, რომ თსუ-ში განვითარებულმა მოვლენებმა საკითხის გამოძიების აუცილებლობა წარმოშვა. შესაბამისი მოთხოვნით NGO-ებმა პარლამენტს დღეს მიმართეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით, საგამოძიებო კომისიამ უნდა დაადგინოს:

- 2015 წლის ზაფხულამდე იყვნენ თუ არა წარგზავნილნი უსაფრთხოების ოფიცრები (ე.წ. ოდეერები) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, რა რაოდენობითა და რა კონკრეტული საფუძვლით;

- რა უფლება-მოვალეობებს ახორციელებდნენ ეს ადამიანები უნივერსიტეტში, რამდენად ძლიერი იყო მათი ჩარევა საუნივერსიტეტო და სტუდენტურ საქმიანობაში;

- ეს ადამიანები, იმის პარალელურად, რომ ასრულებდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოვალეობებს, იყვნენ თუ არა უნივერსიტეტის შტატში და ასევე ახორციელებდნენ თუ არა კონკრეტულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

- 2015 წელს განხორციელებული რეფორმის შემდეგ (რომლის შედეგადაც უსაფრთხოების ოფიცრების წარგზავნა შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ დაწესებულებებში, მხოლოდ ამ დაწესებულებების თანხმობით), მოხდა თუ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანამდე არსებული უსაფრთხოების ოფიცრის გაწვევა, მისი შტატის/კადრის გაუქმება, თუ მოხდა მისი სხვა კადრით შეცვლა;

- უკანასკნელ დღეებში სტუდენტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები მიუთითებდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტში კონკრეტულ პირებზე, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდნენ ე.წ „ოდეერებს“. საგამოძიებო კომისიის მიერ ასევე უნდა მოხდეს ამ ადამიანთა ბიოგრაფიების შესწავლა და დადგენა, რეალურად რა კავშირი აქვთ მათ სამართალდამცავ და უსაფრთხოების სამსახურებთან;

არასამმთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, "კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკითხის სრულყოფილი შესწავლა და პასუხის გაცემა იმ ლეგიტიმურ კითხვებზე, რაც საზოგადოებაში ამ დრომდე არსებობს. საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა იყოს სრულიად თავისუფალი სააზროვნო სივრცე და უნდა გამოირიცხოს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების ჩარევის რისკები".

"მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტი დროულად უნდა დაინტერესდეს თსუ-სა და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების სამსახურის შესაძლო ინტერვენციისა და “ოდეერების” არსებობის პრაქტიკით. ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტმა უნდა შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის საქმიანობის პროცესი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობას, ასევე სათანადო გამჭვირვალობასა და პროცესის ეფექტიანობას. 

უშუალოდ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესწავლის პარალელურად, კომისიამ უნდა იმსჯელოს 2015 წლის ზაფხულში გატარებული რეფორმის ეფექტიანობაზე და „ოდეერის“ ინსტიტუტთან დაკავშირებული პრობლემების სისტემურ გადაწყვეტაზე. ამავდროულად, პარლამენტში უნდა დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ შეიქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და პოლიციური სამსახურების ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, რომელიც დააზღვევს ამ სამსახურების მხრიდან უფლებამოსილებისა და რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ადამიანის უფლებათა ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო” (OSGF), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, “მრავალეროვანი საქართველო”, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI).

კომენტარები