ჟოზეფ დოლი თბილისში

დოლი: სასამართლო სისტემა ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს

ჟოზეფ დოლი
monitorulcj.ro

"საქართველოს მთავრობამ წინასაარჩევნოდ თავისუფალი მედიასივრცე უნდა უზრუნველყოს", - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჟოზეფ დოლმა საქართველოში გამართული ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მან უკანონო ჩანაწერების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ პრემიერმინისტრისგან პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმის გამოძიების შესახებაც მიიღო ინფორმაცია.

"ჩემი ვიზიტის ფარგლებში შევხვდი სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერმინისტრს, საქართველოში ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს და ასევე ამ პარტიის წევრ პოლიტიკურ პატიმრებს. სამოქალაქო საზოგადოებისგან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მივიღე. გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური მიმართულება - მედიის თავისუფლების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობა, შერჩევითი სამართალი და სასამართლოს დამოუკიდებლობა. ასევე მნიშვნველოვანი საკითხებია საარჩევნო კოდექსი და არჩევნების ფონზე ოპოზიციური პარტიების მიმართ ძალადობა. პრემიერმინისტრთან ვსაუბრობდით, რომ სასამართლო სისტემა მოქმედი ხელისუფლების მიერ საკუთარი მიზნების მისაღწევად არ უნდა იყოს გამოყენებული. ფარული კადრების გავრცელების საქმეზე კი საქართველოსგან სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას ველით. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ქართული პოლიტიკური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს, როგორც გავიგე, დღეს მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა, რაც უკიდურესად დასაგმობია. ჩვენ მთავრობისგან ასეთ საქმეზე დროულ გამოძიებას ველით", - თქვა დოლმა. [ოფიციალური თარგმანი]

კომენტარები