საბანკო ზედამხედველობა

ყოფილ ბანკირს მიმაჩნია, რომ სებ-ი დამოუკიდებელი უნდა იყოს, დღეს ის დამოუკიდებელია

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ მისი განცხადება საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნულ ბანკში (სებ) დაბრუნებასთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციას ასახავს. ქუმსიშვილის თქმით, საბანკო ზედამხედველობის სებ-იდან გატანის დროს არსებობდა კონსენსუსი, რომ მაშინდელი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დამოუკიდებელი არ იყო.

"როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეს მაშინ არსებობდა კონსესუსი, შესაბამისად კანონს კენჭი ეყარა. მე არ ვარ კანონმდებელი და მაქვს უფლება, რომ მქონდეს ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. მეტსაც გეტყვით, გარკვეული სენტიმენტები გამაჩნია, ყოფილი ბანკირი ვარ და ამიტომ მიმაჩნია, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი არის მნიშვნელოვანი და დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი, რაც აისახა კიდეც ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ბიზნესის განწყობებზე მომენტალურად,"- იმდეთან საუბარში ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახური თამაზ მეჭიაურის მიერ მომზადებული კანონის მეშვეობით ეროვნულ ბანკს გასულ წელს გამოეყო. მეჭიაურის ინიციატივას პრეზიდენტი, ეროვნული ბანკი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. კანონპროექტის გასაპროტესტებლად მსოფლიო ბანკმა (WB), საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი წერილები გაუგზავნეს

გასული წლის 31 ივლისს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო, პარლამენტმა ვეტო 3 სექტემბერს დაძლია, პრეზიდენტმა კი მეჭიაურის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელი 10 სექტემბერს მოაწერა. მას შემდეგ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გატანა საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრეს. სასამართლოს ვერდიქტი ჯერ არ გამოუტანია.

საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გატანას ეროვნული ბანკის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. 

კომენტარები