თურქეთი

თურქეთის ელჩი: სკოლაზე კონსულის ინტერვიუ არასწორად იყო ინტერპრეტირებული

frontnews.ge

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ აცხადებს, რომ შაჰინის სკოლასთან დაკავშირებით, ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იყო ინტერპრეტირებული. იასინ თემიზქანის ინტერვიუსთან დაკავშირებით, თურქეთის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე შეხვდა. 

"ელჩმა განმარტა, რომ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ყველა დასმულ კითხვაზე", - აცხადებს სამინისტრო.

ცნობისთვის, თურქეთის კონსულმა TV25-თან ინტერვიუში თქვა, რომ აჭარაში, შაჰინის სკოლაში ტერორისტებს ზრდიან.

"ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობთ, ანუ ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები, ერთ-ერთია შაჰინის სკოლა-ლიცეუმი, მე მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ქართველ ხალხს, ნუ გაუშვებთ შვილებს ამ სკოლაში, ნუ ასწავლით, იმიტომ, რომ ეს არის ტერორისტული დაჯგუფება და აქ ტერორისტულ მიზნებს ემსახურებიან. უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციის სკოლები დაიხუროს“, – განაცხადა თურქეთის კონსულმა იასინ თემიზქანმა TV25-ის ცნობით.

კომენტარები