რთველი 2016

დანელია: სახელმწიფო ყველა სუბსიდირებიდან უნდა გამოვიდეს

facebook.com/DaneliaOfficial

საქართველოს მთავრობა რთველი 2016-ის სუბსიდირებას გეგმავს. ყველა მევენახე 1 კგ ჩაბარებულ რქაწითელსა და მწვანეზე ბიუჯეტიდან 45 თეთრს, 1 კგ საფერავზე კი 20 თეთრს მიიღებს. ჯამში სუბსიდიებზე 40 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. თავად სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ფიქრობს, რომ სახელმწიფო ყველა ტიპის სუბსიდირების პროგრამიდან უნდა გამოვიდეს, თუმცა მინისტრი აქვე ამბობს, რომ მევენახეობის დარგს სახელმწიფოსგან წახალისება დღემდე ესაჭიროება. 

"სუბსიდირების მოტივი გახლავთ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მზარდია ექსპორტი, ზოგადად მცირდება თანხის რაოდენობა, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ დარგისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის კიდევ უფრო მეტ წახალისებას, მიუხედავად ჩემი პირადი პოზიციისა სუბსიდირებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიდეთ ყველა სუბსიდირებიდან, სადაც ამის აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა დღეს დარგში ნამდვილად არსებობს ამის აუცილებლობა", - ამბობს ოთარ დანელია.

დღეს მინისტრმა რთველის ორგანიზებისთვის კომპანიების ხელმძღვანელებთან გამართა შეხვედრები. ღვინის ქარხნებში მომავალი რთველისთვის ოპტიმისტურად არიან განწყობილი და ამბობენ, რომ წელს ყურძნის მოსავალი დაახლოებით იმდენივე იქნება, რაც გასულ წელს იყო. ისინი სუბსიდირების შესახებაც საუბრობენ, კომპანია თბილღვინოს დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი ამბობს, რომ სუბსიდირება ჯანსაღი პროცესი არ არის და ის უკვე 10 წელზე მეტია გრძელდება. კახური ტრადიცული მეღვინეობის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე კი ამბობს, რომ სუბსიდირება უფრო მეტად სოციალური დახმარების სახეს ატარებს. 

"სუბსიდირება ზოგადად არ არის ჯანსაღი პროცესი, სამწუხაროდ, ეს პროცესი 10 წლის წინ არის დაწყებული და გრძელდება. თუმცა ბოლო წლებში ეკონომიკურმა კრიზისმა იმ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინო იყიდება, ასე ვთქვათ, დატოვა იმის აუცილებლობა, რომ ჯერჯერობით სუბსიდირება იყოს", - ამბობს კომპანია თბილღვინოს აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი. 

"სუბსიდირება ეს არის მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან და დახმარება მოსახლეობის, მევენახეების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს ფასზე ჩვენთვის აისახება. თვითღირებულება ჩვენი არის საბაზრო და გამომდინარე თვითღირებულებიდან, რომელსაც პროდუქციის ფასი წარმოქმნის", - ამბობს კახური ტრადიცული მეღვინეობის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე.

აღსანიშნავია, რომ რთველი 2015-ს კახელი მევენახეების საპროტესტო აქციები მოჰყვა. ისინი ყურძნის ფასის ზრდას ითხოვდნენ. შარშან, თეთრ ყურძენს კომპანიები 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებდნენ. 2014 წელს კი, მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა. 

ის რომ სუბსიდირება მნიშვნელოვან სოციალურ დატვირთვას ატარებს, ეს ყურძნის ჯიშების მიხედვით მისი გადანაწილებიდანაც ჩანს. საექსპორტო პოტენციალი ძირითადად წითელი ფერის ღვინოს აქვს, შესაბამისადმ წითელი ჯიშის ყურძნის საბაზრო ფასიც უფრო მაღალია, მასზე წელს სახელმწიფო 20-თეთრიან სუბსიდიას გასცემს. შედარებით ნაკლები საექსპორტო პოტენციალი კი თეთრი ჯიშის ყურძენს აქვს, შესაბამისად, რქაწითელის საბაზრო ფასი საფერავის საბაზრო ფასზე ნაკლებია, თუმცა სახელმწიფო რატომღაც მასზე უფრო მაღალ - 45-თეთრიან სუბსიდიას გასცემს, რაც სავარაუდოდ მევენახეთა სოციალურ დახმარებას ისახავს მიზნად.

კომენტარები