ოკუპაციის შესახებ კანონი

წულუკიანი: ხალხი უნდა დავიბრუნოთ და ამაში ოკუპაციის კანონმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონს ზოგიერთ მუხლში გაუმჯობესება სჭირდება. მისი თქმით, "პირველ რიგში, ხალხი უნდა დავიბრუნოთ, მათთან ურთიერთობები აღვადგინოთ და ამაში კანონმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს". ცნობისთვის, დღეს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ოკუპაციის შესახებ კანონის ლიბერალიზაციაზე მსჯელობა განაახლა. მოქმედი კანონმდებლობით, საოკუპაციო ხაზის უკანონოდ პირველადი გადაკვეთის შემთხვევაში მოქალაქის მიმართ იწყება სისხლისსამართლებრივი დევნა, 2013 წელს წარდგენილი კანონპროექტი კი, უკანონოდ პირველად გადაკვეთის შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

"ის, რომ ოკუპაციის კანონი ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია და ის უნდა არსებობდეს, ეს არის ფაქტი. ჩვენი მთავრობა ამას მხარს უჭერს და არსებობს მოსაზრებები, თითქოს საპირისპირო, მაგრამ ეს ვერ იქნება გაზიარებული. რაც შეეხება თვითონ არსებული კანონის დახვეწას, მეც ბევრჯერ მითქვამს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი ზოგიერთ მუხლში საჭიროებს გაუმჯობესებას, იმისთვის, რომ, სხვებს შორის, ადამიანის უფლებები უკეთესად იყოს დაცული და ხალხებს შორის ურთიერთობები იყოს გაადვილებული, რადგან ჩვენ ერთ დღეს, როდესაც დაგვიდგება დრო, რომ უნდა გავაერთიანოთ საქართველო, ტერიტორიები უნდა გაერთიანდეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს ხალხი და ჩვენ, პირველ რიგში, ხალხი უნდა დავიბრუნოთ, მასთან ურთიერთობები აღვადგინოთ და ამაში კანონმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს", - აცხადებს თეა წულუკიანი.

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, "უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით" ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე. ხოლო საზღვრის არაერთგზის გადაკვეთა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.

კომენტარები