მთავრობის ეკონომიკური გეგმა

ქუმსიშვილი: გადავწყვეტთ, როდის იქნება ყველაზე დროული პარლამენტში მისვლა

ტაბულა

"ჩვენ მომავალში აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ყველაზე დროული პარლამენტში მისვლა" - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების განცხადებას, რომ ე.წ ლარიზაციის გეგმაზე მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში დაიბარებენ. ქუმსიშვილის თქმით, მას, ეკონომიკის მინისტრს და პრემიერმინისტრს "დაძაბული დღის წესრიგი" აქვთ.

"გამოდინარე ძალიან დაძაბული დღის წესრიგიდან, რომელიც პირადად მე მაქვს, აქვს ეკონომიკის მინისტრს და დარწმუნებული ვარ, რომ აქვს პრემიერს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამომავლოდ გადაგვედო აღნიშნულის განხილვა, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარლამენტთან. დღესაც ჩემი მოადგილე იმყოფება პარლამენტში, გააქვს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები. შესაბამისად, პარლამენტთან კონსულტაციებით, ჩვენ მომავალში აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ყველაზე დროული პარლამენტში მისვლა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის რომან გოცირიძის თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა გეგმამ ქვეყანაში დაძაბულობა შექმნა, რაც ლარზეც აისახა. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გოცირიძემ აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პარლამენტში უნდა გასცენ პასუხი შეკითხვებს.

ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, რეკლამირებისას ნებისმიერი ტიპის მომსახურებისა და საქონლის ფასდება უცხოურ ვალუტაში იკრძალება. ცვლილება დედოლარიზაციის სამთავრობო პოლიტიკის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. ასევე, ქვეყანაში სესხების საპროცენტო განაკვეთებს ერთიანი ჭერი დაუდგინდებათ, რომელიც წლიურ 100%-იან განაკვეთს შეადგენს. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, ყველა მიკროსაკრედიტო ორგანიზაციას 100 ათას ლარამდე თამასუქის გაცემა აეკრძალება. 

დედოლარიზაციის სამთავრობო პოლიტიკის 10-პუნქტიანი გეგმის მიხედვით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 100 ათას ლარამდე სავალუტო სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა, 2018 წლიდან კი 200 ათას ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა მხოლოდ ლარში მოხდება. გეგმა 2015 წლამდე დოლარში გაცემული იპოთეკური სესხების ლარში კონვერტირებასაც ითვალისწინებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ბიუჯეტთან თანდართულ საგადასახადო ცვლილებათა პაკეტს მხარი უკვე დაუჭირა, რის შედეგადაც, 1 იანვრიდან, მთელი რიგი გადასახადები იზრდება.

კომენტარები