მთავრობის ეკონომიკური გეგმა

გახარია: ზუსტი თარიღი არ ვიცით, მაგრამ პარლამენტში აუცილებლად მივალთ

facebook.com/economypr

"ზუსტად თარიღი არ ვიცით, მაგრამ ეს არ არის რაღაც ძალზე გადავადებული დრო, მივალთ" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის პარლამენტში მისვლის შესახებ განაცხადა. ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა რომან გოცირიძემ დღეს თქვა, რომ მთავრობის ეკონომიკურმა გეგმამ ქვეყანაში დაძაბულობა შექმნა, რაც ლარზეც აისახა. მან აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პარლამენტში უნდა გასცენ პასუხი შეკითხვებს.

"გადაყვეტილება ძალიან მარტივია, ჩვენ აუცილებლად მივალთ, გვექნება კომუნიკაცია პარლამენტთან, უკვე გვქონდა ეს კომუნიკაცია პარლამენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთანაც, შესაბამისად გავაგრძელებთ" - თქვა გიორგი გახარიამ.

ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, რეკლამირებისას ნებისმიერი ტიპის მომსახურებისა და საქონლის ფასდება უცხოურ ვალუტაში იკრძალება. ცვლილება დედოლარიზაციის სამთავრობო პოლიტიკის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. ასევე, ქვეყანაში სესხების საპროცენტო განაკვეთებს ერთიანი ჭერი დაუდგინდებათ, რომელიც წლიურ 100%-იან განაკვეთს შეადგენს. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, ყველა მიკროსაკრედიტო ორგანიზაციას 100 ათას ლარამდე თამასუქის გაცემა აეკრძალება. 

დედოლარიზაციის სამთავრობო პოლიტიკის 10-პუნქტიანი გეგმის მიხედვით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 100 ათას ლარამდე სავალუტო სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა, 2018 წლიდან კი 200 ათას ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა მხოლოდ ლარში მოხდება. გეგმა 2015 წლამდე დოლარში გაცემული იპოთეკური სესხების ლარში კონვერტირებასაც ითვალისწინებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ბიუჯეტთან თანდართულ საგადასახადო ცვლილებათა პაკეტს მხარი უკვე დაუჭირა, რის შედეგადაც, 1 იანვრიდან, მთელი რიგი გადასახადები იზრდება.

კომენტარები