მთავრობის ეკონომიკური გეგმა

გოცირიძე: მთავრობამ და სებ-მა თავისი ინიციატივებით სერიოზული არეულობა შექმნეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის რომან გოცირიძის თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა გეგმამ ქვეყანაში დაძაბულობა შექმნა, რაც ლარზეც აისახა. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გოცირიძემ აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პარლამენტში უნდა გასცენ პასუხი შეკითხვებს.

"მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ამ თავისი ახალი ინიციატივებით, ე.წ. ლარიზაციის პროგრამით შექმნა სერიოზული არეულობა, სერიოზული დაძაბულობა, რომელიც შემდგომ ლარზეც აისახა. ამიტომ, ჩვენ გვინდა მთავრობამ გვითხრას, აქვთ თუ არა რაიმე გეგმა ამ ვითარებიდან გამოსვლისა. ისინი დღეს ან ხვალ, რატომღაც, არ აპირებენ მოსვლას, მაგრამ არსებობს სამართლებრივი ფორმა, რომელზეც უარს ისინი ვერაფრით იტყვიან. ეს არის სამთავრობო საათი. თუ არ მოვლენ, ჩვენ დავიბარებთ და მოვთხოვთ პასუხს,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ენმ-ის კიდევ ერთი დეპუტატის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობის ინიციატივები აბსურდულია.

"ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ამ კრიზისს. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური მიმართულების მინისტრები რეგულარულად უნდა მოდიოდნენ დღეს პარლამენტში და მოსახლეობას აბარებდნენ ანგარიშს - როგორ აპირებენ, გამოასწორონ შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან ვხედავთ, რომ მომავალ წელს ეს კიდევ უფრო გაღრმავდება იმ გაუაზრებელი ბიუჯეტის და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რომელიც ამ პარლამენტმა მიიღო,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, რეკლამირებისას ნებისმიერი ტიპის მომსახურებისა და საქონლის ფასდება უცხოურ ვალუტაში იკრძალება. ცვლილება დედოლარიზაციის სამთავრობო პოლიტიკის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. ასევე, ქვეყანაში სესხების საპროცენტო განაკვეთებს ერთიანი ჭერი დაუდგინდებათ, რომელიც წლიურ 100%-იან განაკვეთს შეადგენს. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, ყველა მიკროსაკრედიტო ორგანიზაციას 100 ათას ლარამდე თამასუქის გაცემა აეკრძალება. 

დედოლარიზაციის სამთავრობო პოლიტიკის 10-პუნქტიანი გეგმის მიხედვით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 100 ათას ლარამდე სავალუტო სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა, 2018 წლიდან კი 200 ათას ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა მხოლოდ ლარში მოხდება. გეგმა 2015 წლამდე დოლარში გაცემული იპოთეკური სესხების ლარში კონვერტირებასაც ითვალისწინებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ბიუჯეტთან თანდართულ საგადასახადო ცვლილებათა პაკეტს მხარი უკვე დაუჭირა, რის შედეგადაც, 1 იანვრიდან, მთელი რიგი გადასახადები იზრდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები