თავდასხმა ლას ვეგასში

ლას ვეგასის ტრაგედიის გამო, დღეს თბილისის ანძა ერთი საათით ჩაბნელდება

თბილისის ანძა
თათა ჩიკვილაძე / ტაბულა

საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ლას-ვეგასში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს თბილისის ანძა ერთი საათით - 20:00 საათიდან 21:00 საათამდე ჩაბნელდება. 

"ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ის ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, აშშ-ის მოქალაქეებსა და მთავრობას, დაშავებულებს კი ჯანმრთელობას უსურვებს" - აცხადებს თბილისის მერია.

ლას ვეგასში, 64 წლის სტივენ პედოკმა სასტუმროს 32-ე სართულიდან მუსიკალური ფესტივალის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რასაც 59 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 527 ადამიანი დაშავდა. ეს ამერიკის ისტორიაში მომხდარ მსგავს ინციდენტებს შორის ყველაზე სისხლიანია.

გავრცელებული ინფორმაციით, სანამ პოლიცია პედოკის ოთახში შეღწევას მოახერხებდა, დამნაშავემ თავი მოიკლა. სასტუმროს ოთახში და პედოკის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 42 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

პედოკის ქმედებების მოტივი ამ დრომდე უცნობია. გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ პედოკს „ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცი“ უწოდა, თუმცა ამ დრომდე, მისი რომელიმე ტერორისტულ ჯგუფთან კავშირის დამადასტურებელი საბუთები არ აღმოჩენილა.

კომენტარები