31 ოქტომბერს ფესტივალი SOU-ს ორგანიზებითა და ROOMS HOTELS-ის ხელშეწყობით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის კონცერტი გაიმართა.
კონცერტი 2 საათს გაგრძელდა, ბიორკმა 15 სიმღერა შეასრულა - უმეტესობა მისი მერვე ალბომიდან - "Vulnicura" - იყო, თუმცა მუსიკოსმა სიმღერები ძველი ალბომებიდანაც შეასრულა. ყოველი სიმღერის დასრულების შემდეგ, ბიორკი მსმენელს მადლობას ქართულად უხდიდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა და ტაში დაუკრა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს.
ორგანიზატორებისა და თავად ბიორკის მოთხოვნის მიუხედავად, კონცერტის მსვლელობისას, ტელეფონით ფოტო-ვიდეოს გადაღების შემთხვევები მაინც იყო, რასაც თავად მომღერალი გამოეხმაურა.
"როდესაც გიყურებთ, ვხედავ ტელეფონებს და არა თქვენს თვალებს, მე მჭირდება თვალებით კონტაქტი. ნახევარი მსოფლიო გამოვიარე თქვენთან შესახვედრად, ახლა და აქ მე მისმინეთ, ტელეფონებს კი, ხვალ უყურეთ" - უთხრა ბიორკმა შეკრებილ მსმენელს.
ბიორკი სიმღერებს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით ასრულებდა, ორკესტრის დირიჟორი ისლანდიელი ბარნი ფრიმან ბარნასონი იყო. ასევე, ის იქნება ორკესტრის დირიჟორი 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ კონცერტზე.
კონცერტის დასრულების შემდეგ, ისლანდიელმა მუსიკოსმა ფესტივალ SOU-ს საკუთარ ინსტაგრამზე მადლობა გადაუხადა. მან ასევე ფოტოზე ქართველი დიზაინერი, ირმა შარიქაძე მონიშნა, რომლის აქსესუარითაც [აბადოკი] ბიორკი სცენაზე წარსდგა.
ბიორკის მეორე კონცერტი 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. ფესტივალი SOU-ს ინფორმაციით, კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.