ხმაური

23:00-ის შემდეგ ფეიერვერკების ამკრძალავი კანონი არ მუშაობს

flickr.com

2017 წლის 15 აგვისტოს ძალაში შევიდა ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონი, რომლითაც 23:00-ის შემდეგ ფეიერვერკების გაშვება დასჯადი გახდა. ტაბულას მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ფეიერვერკების გაშვებისთვის არავინ დაჯარიმებულა.

ადამინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, 23:00-დან დილის 08:00-მდე პიროტექნიკის გამოყენებისთვის ფიზიკური პირები პირველ ჯერზე 150 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით უნდა დაჯარიმდნენ. ერთი წლის განმავლობაში ფეიერვერკების ხელახალი გასროლის შემთხვევაში ფიზიკური პირები 300 ლარით, იურიდიული პირები კი 1000 ლარით დაჯარიმდებიან. კანონი რამდენიმე გამონაკლისსაც აწესებს, როდესაც ფეირვერკების 23:00-ის მერე გამოყენება დასჯადი არ იქნება, ესენია 31 დეკემბრი - 2 იანვარის მონაკვეთი და 14 იანვრის ღამე. ასევე, 26 მაისი და 9 აპრილი.

15 აგვისტოდან სხვა ტიპის ხმაურიც აიკრძალა. სხვა ტიპის ხმაურის (გასართობი დაწესებულებები და სხვა) პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირები არ დაჯარიმდებიან, მისი განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირები 150 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით დაჯარაიმდებიან. ერთი წლის მანძილზე სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის- 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, ხმაურისთვის გაფრთხილება მიიღო 109 პირმა, ამ 109 პირიდან 22-ზე პოლიციაში განმეორებითი შეტყობინება შევიდა, რისთვისაც ისინი დაჯარიმდნენ. ამ 22 პირიდან კი განმეორებითი ჯარიმა 9 პირის სახელზეა გამოწერილი.

კომენტარები