ხმაური

გადაჭარბებული ხმაურისთვის პოლიციამ 109 პირი გააფრთხილა და 31 დააჯარიმა

flickr.com

2017 წლის 15 აგვისტოს ძალაში შევიდა ღამის ხმაურის ამკრძალავი კანონი, რომლითაც 23:00-დან 08:00-მდე პერიოდში გადაჭარბებული ხმაური დასჯადი გახდა. ტაბულამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი პირი დაჯარიმდა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ. სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ პოლიციამ აღნიშნული დარღვევისთვის 109 პირი გააფრთხილა და 31 ჯარიმა დაწერა. აქედან 22 ჯარიმა პირველადი ჯარიმაა, 9 ჯარიმა კი განმეორებითი ჯარიმაა.

კანონის მიხედვით, საცხოვრებლებში, ქუჩაში, კერძო თუ საჯარო დაწესებულებებში ხმაურის დასაშვებ ნორმაზე მეტად გადაჭარბება იკრძალება. პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირები არ დაჯარიმდებიან, მისი განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირები 150 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით დაჯარაიმდებიან. ერთი წლის მანძილზე სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის- 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.

მთავრობამ 3 აგვისტოს მიიღო დადგენილება, რომლითაც ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე განისაზღვრა. ღამის ხმაურის დასაშვები დონე 55 დეციბელია.

კანონი 23:00-დან 08:00-მდე, ანუ ღამის საათებში სამშენებლო ხმაურს კრძალავს.

ამავე კანონით ღამის საათებში ფეიერვერკების გაშვება აიკრძალა.

კომენტარები