ხმაური

ფეიერვერკების ამკრძალავი კანონის დარღვევისთვის შსს-მ 51 პირი დააჯარიმა

flickr.com

2017 წლის 15 აგვისტოს ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც 23:00-ის შემდეგ ფეიერვერკების გაშვება დასჯადი გახდა. ტაბულამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია კანონის ამოქმედებიდან 8 თვის განმავლობაში რამდენ პირს მიეცა გაფრთხილება. სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით 51 პირი დაჯარიმდა.

ადამინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, 23:00-დან დილის 08:00-მდე პიროტექნიკის გამოყენებისთვის ფიზიკური პირები პირველ ჯერზე 150 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით უნდა დაჯარიმდნენ. ერთი წლის განმავლობაში ფეიერვერკების ხელახალი გასროლის შემთხვევაში ფიზიკური პირები 300 ლარით, იურიდიული პირები კი 1000 ლარით დაჯარიმდებიან. კანონი რამდენიმე გამონაკლისსაც აწესებს, როდესაც ფეირვერკების 23:00-ის მერე გამოყენება დასჯადი არ იქნება, ესენია 31 დეკემბრი - 2 იანვარის მონაკვეთი და 14 იანვრის ღამე. ასევე, 26 მაისი და 9 აპრილი.

15 აგვისტოდან სხვა ტიპის ხმაურიც აიკრძალა. სხვა ტიპის ხმაურის (გასართობი დაწესებულებები და სხვა) პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირები არ დაჯარიმდებიან, მისი განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირები 150 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით დაჯარაიმდებიან. ერთი წლის მანძილზე სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის- 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, ხმაურისთვის გაფრთხილება მიიღო 169 პირმა, ამ 169 პირიდან 31-ზე პოლიციაში განმეორებითი შეტყობინება შევიდა, რისთვისაც ისინი დაჯარიმდნენ.

კომენტარები