ხმაური

ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე გაზრდილი ფულადი ჯარიმები 14 დეკემბრიდან ამოქმედდება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე კანონში შეტანილი ცვლილებებით გაზრდილი ფულადი ჯარიმები 14 დეკემბრიდან ამოქმედდება. კანონის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ან საზოგადოებრივ თუ საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკურის ხმაურის დასაშვები ნორმები რეგულირდება. 

"როგორც იცით, კანონმდებლობის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ან საზოგადოებრივ თუ საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება აკრძალულია და დადგენილია შესაბამისი ფულადი ჯარიმებიც, თუმცა დღემდე დადგენილი სანქციები, ჯარიმის ოდენობები, არ შეესაბამებოდა იმ რეალობას, დარღვევის იმ შინაარსს, რაც რეალურად ხდება. შესაბამისად, ჯარიმის დადგენილი ოდენობები ვერ უზრუნველყოფდა დარღვევის პრევენციას და უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი და წარვუდგინეთ პარლამენტს. პარლამენტმა გაითვალისწინა ჩვენი წინადადება და უკვე მიღებულია კანონი, რომელიც ამოქმედდება 14 დეკემბრიდან" – თქვა კალაძემ. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  ცვლილებების თანახმად, ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 150 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში -1500 ლარი. ცვლილებამდე ჯარიმა იურიდიული პირისთვის, ამ შემთხვევაში, შეადგენდა 500 ლარს.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის იქნება 500 ლარი(იყო 300 ლარი), ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის - 5000 ლარი(იყო 1000ლარი).

მესამე და ყოველ მომდევნო შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 1000 ლარით განისაზღვრება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის - 10 000 ლარით.

ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე, დასაქმებულთა მიმართ სამუშაო ადგილებსა და სამუშაო გარემოში წარმოქმნილ ხმაურზე და რეგლამენტში გათვალისწინებულ სხვა გამონაკლის შემთხვევებზე.

პარლამენტმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები 16 ნოემბერს შეიტანა. 

კომენტარები