თურქეთი

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატად მუჰარემ ინჯე დასახელდა

მუჰარემ ინჯე
Reuters

თურქეთში 24 ივნისს დანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთ-ერთი კონკურენტი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი მუჰარემ ინჯე იქნება.

ინჯე სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ წარადგინა.

ამჟამად რესპუბლიკურ პარტიას, დემოკრატიულ პარტიას, "კარგ პარტიას" და ისლამისტურ პარტია "საადეთს" შორის წინასაარჩევნო ალიანსის შექმნა განიხილება.

54 წლის მუჰარემ ინჯე პოლიტიკაში წასვლამდე ფიზიკის მასწავლებელი იყო. ის 2002 წლიდან პარლამენტის წევრია.

"მე ყველას პრეზიდენტი ვიქნები, მიუკერძოებელი პრეზიდენტი. 24 ივნისს დეპრესიული დრო დასრულდება." თქვა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში 1,000 ოთახიან საპრეზიდენტო სასახლეში არ იცხოვრებს, რომელიც ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში ააშენა, და მას "სწავლის სამოთხედ" აქცევს.

ვარაუდობენ, რომ არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს. მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში, 8 ივლისს დაინიშნება.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ერდოღანის თქმით ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება აღმასრულებელი პრეზიდენტი.

"მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი და მთავრობა შეთანხმებულად მუშაობენ, ძველი სისტემის პრობლემები ყოველი ნაბიჯისას გვხვდება." "სირიაში და სხვაგან განვითარებულმა მოვლენებმა ახალ სისტემაზე გადასვლა საჩქარო გახადა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის უფრო ძლიერი ნაბიჯები გადავდგათ." თქვა მან სატელევიზიო გამოსვლაში.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის რეფერენდუმის შემდეგ ახლად არჩეულ პრეზიდენტს ბევრად მეტი ძალაუფლება ექნება, რადგან ქვეყანა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდა.

კომენტარები