ბასიანი

შსს ადასტურებს, რომ კლუბი ბასიანი იხსნება

ბასიანი

შსს ადასტურებს, რომ ბასიანი დღის განმავლობაში გაიხსნება. პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და სავარაუდოდ, უახლოეს საათებში ახსნიან ლუქს.

კლუბის გახსნის შესახებ ინფორმაცია, ბასიანის ერთერთმა დამფუძნებელმა ცოტა ხნის წინ Facebook-ში გაავრცელა.

"მეგობრებო, დაგვირეკეს შსს-დან გვითხრეს, რომ ბასიანს გვიბრუნებენ. გავდივართ კლუბში სანახავად! The door is open! მე მგონი, სახლში ვბრუნდებით" - წერს ზვიად გელბახიანი.

სპეცოპერაცია ღამის კლუბებში 12 მაისს ჩატარდა. სამართალდამცველებმა ბასიანსა და გალერიში მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანები დაარბიეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სპეცოპერაცია იყო, რომელიც მათ 8 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად ჩაატარეს. მოგვიანებით სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს ადამიანები არა კლუბის ტერიტორიაზე, არამედ გარეთ დააკავეს. შს მინისტრის განცხადებით, მათი მიზანი იყო, რომ ნარკორეალიზატორები კლუბებს გარეთ დაეკავებინათ, თუმცა - "ერთმა შეგვასწრო".

სპეცოპერაციის შემდეგ დროებით დაიხურა ორივე კლუბი, გალერის გუშინ ლუქი მოხსნეს, ბასიანი კი, ამ დრომდე დახურული იყო. კლუბის დამფუძნებლის თქმით, თუ ბასიანი 1 ივნისამდე არ გაიხსნება, ფინანსური დავალიანების გამო, მისი ოფიციალურად დახურვა მოუწევთ.

ამასთან, კლუბ ბასიანის ორგანიზებით, 27 მაისს აქცია იყო დაანონსებული - ბრძოლა ბასიანისთვის.

კომენტარები