მთავრობის ახალი შემადგენლობა

ჭიაბერაშვილი: ბახტაძის პროგრამა კვირიკაშვილის პროგრამის იდენტურია

ტაბულა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ, ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ მამუკა ბახტაძის პროგრამის დიდი ნაწილი გიორგი კვირიკაშვილის პროგრამას სიტყვა-სიტყვით ემთხვევა. 

"ყველას გაქვთ მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი პროგრამა დარიგებული. გირჩევთ გადაშალოთ პირველი გვერდი. მისი წინასიტყვაობა, სანამ კითხვას დავიწყებდი, შევადარე გიორგი კვირიკაშვილის პროგრამის წინასიტყვაობას და ჰოი, საოცრებავ, 4 აბზაციდან 2 სრულად არის გადმოტანილი copy-paste-ით, ერთი - ნაწილობრივ. კითხვა მაქვს უმრავლესობასთან, თუ იმავე პროგრამით უნდა აირჩიოთ ეს მთავრობა, იმ კაცს საერთოდ რატომ უშვებდით სახლში", - თქვა ჭიაბერაშვილმა. 

ბახტაძემ ჭიაბერაშვილის პასუხად თქვა, რომ ისიც და გიორგი კვირიკაშვილიც ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრემიერმინისტრები არიან, ოთხპუნქტიანი გეგმა კი, რომელიც მმართველმა გუნდმა 2016 წელს შეიმუშავა და რეფორმებს გულისხმობს, აუცილებლად უნდა შესრულდეს. 

"რამდენიმე ვარიანტია, როგორც შეიძლება გიპასუხოთ. გაზვიადებული გამოვა, რომ გითხრათ, ძალიან დიდი საიდუმლო უნდა გაგანდოთ-მეთქი, მაგრამ ასე დავიწყებ: ბატონო ზურაბ, ძალიან დიდი საიდუმლო მინდა გაგანდოთ - მე, ისევე როგორც გიორგი კვირიკაშვილი იყო მმართველი ძალის, ქართული ოცნების მარდაჭერილი პრემიერმინისტრი. როდესაც პროგრამა წარმოვადგინეთ, მე განვაცხადე, რომ ის ოთხპუნქტიანი გეგმა და რითაც ქართულმა ოცნებამ 2016 წელს გაიმარჯვა, არის ახალი პროგრამის განუყოფელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ეს არის თავსებადი. იქ არის ბევრი კომპონენტი, რომლიც მეორდება და აუცილებლად განმეორდება", - თქვა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა. 

პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს. 

კომენტარები