მთავრობის ახალი შემადგენლობა

გოცირიძე: თურმე ძალიან ვგავარ კანტს, გარეგნულად კი არა - ერთნაირი იდეები გვაქვს

დღევანდელი გამოსვლების მერე და მას შემდეგ რაც მოვისმინე მთავრობის პროგრამა, ვიზუალურად შევხედე მთავრობას, გავაკეთე სერიოზული აღმოჩენა. თურმე ძალიან ვგავარ გენიალურ, გერმანელ ფილოსოფოსს იმანუელ კანტს. გარეგნულად კი არა, მე და ბატონ იმანუელ კანტს გვაქვს ერთნაირი იდეები თურმე. კანტმა ბრძანა - მე მუდამ მაოცებდა ორი რამ - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონები ჩემში. თურმე მეც ასე ვფიქრობდი, რომ ძალიან მაოცებდა ამ სამყაროში ორი რამ - მაღლა მოჭედილი ცა და დაბლა ბატონ ბიძინა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა. საიდან მოიყვანეთ ეს ხალხი?! აი როგორც ვარსკვლავები გამოანათებენ და ჩაქრებიან, ზოგი ბჟუტავს კიდეც, საიდანღაც გაჩნდებიან, მერე ისევ გაქრებიან. აი ახლა ისევ ახალი გუნდი შემოვიდა და ყველას დაგვავიწყდა ისინი, ვინც იყვნენ. რომელი საკადრო პოლიტიკით ფორმირდება დღევანდელი ქართული მთავრობა. ამოიწურა „ქართუს“ რეზერვები თუ „რეზერვუარები“ და გაცდა „ქართუს“ არეალს თქვენი საკადრო პოლიტიკა და ახალი კადრებით შეივსო. 

პიროვნულად არ მაქვს არაფერი საწინააღმდეგო, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი არ მოდიან იქ, სადაც მათი ადგილია. რამდენიმე თვეში ამას თვითონ მიხვდებიან და დარწმუნდებიან, თუ ადამიანი არ არის თავის ადგილზე, მაშინ იგი გახდება დაცინვის, „ვანოს შოუს“, „ღამის შოუს“ და პარლამენტ-შოუს ობიექტი

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობას უსმენს.

კომენტარები