საგზაო უსაფრთხოება

საქართველოს გზებზე სიკვდილიანობა ევროკავშირის საშუალოს ორჯერ აღემატება

Getty Images

საქართველოს გზებზე ყოველდღე ერთზე მეტი ადამიანი იღუპება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველოში 100,000 კაცზე გაანგარიშების შემთხვევაში, ყოველწლიურად ავტოკატასტროფების შედეგად 11.8 ადამიანი იღუპება. ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს - 5.8-ს ორჯერ აღემატება.

ევროპის რეგიონის მასშტაბით, გზებზე სიკვდილიანობა საქართველოზე მაღალია ბელორუსში (13.1), სომხეთში (18.3), რუსეთში (18.9), ალბანეთში (15.8) და მოლდოვაში (12.5). 

2017 წელს ავტოავარიებით სულ 8,461-მა პირმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ეს ნიშნავს რომ ყოველდღე საშუალოდ 23 ადამიანი იღებს დაზიანებას ავარიების შედეგად. ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 517 იყო.

საქსტატის მონაცემებით, წლების მიხედვით, ყველაზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა ქალაქში ღვედების რეგულაციის ამოქმედებამდე, 2008 წელს მოხდა. მაშინ წლის განმავლობაში ავტოავარიებს 867 პირი ემსხვერპლა.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე სახიფათო გზები ვენესუეალაშია, აქ ყოველ 100,000 კაცზე ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა საშუალო რაოდენობაა 45. ასევე მაღალია აფრიკული ქვეყნების მაჩვენებელიც და ის საშუალოდ 27-ს შეადგენს. 

გამომწვევი მიზეზების მიხედვით შსს-ს ზუსტად აქვს შესწავლილი 2015 წლის მდგომარეობით რა ფაქტორებმა განაპირობეს ავარიები. ეს ფაქტორები მათი მნიშვნელობის მიხედვით ასე ნაწილდება:

  1. სიჩქარის გადაჭარბება
  2. მანევრირების წესების დარღვევა
  3. შემხვედრ ზოლში გადასვლა
  4. ნასვამი მართვა
  5. საგზაო ნიშნების უგულვებელყოფა
  6. გზაჯვარედინზე მოძრაობის წესის დარღვევა
  7. ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის წესის დარღვევა
  8. გავლის უპირატესობის დარღვევა
  9. ავტომობილის ტექნიკური გაუმართავობა

კომენტარები