საგზაო უსაფრთხოება

ბესელია: ვმუშაობთ, რომ 12 წლამდე ბავშვის მგზავრობისთვის სპეცსაშუალებები სავალდებულო იყოს

www.samitivejhospitals.com

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია აპირებს საშემოდგომო სესიაზე პარლამენტში შეიტანოს კანონპროექტი, რომლის მიხედვით მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ვალდებული იქნება 12 წლამდე ბავშვი უკანა სავარძელზე, სპეციალური მოწყობილობით უზრუნველყოს. 

დეპუტატი საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში გეგმავს ცვლილებებს.

"საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ავარიების და ავარიების შედეგად ბავშვების დაშავების, დაზიანების და გარდაცვალების. აქედან გამომდინარე, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებთანაც ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და ვპარტნიორობთ, გაჩნდა იდეა, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არსებობდეს სპეციალური საშუალებების გამოყენების ვალდებულება იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოდ იმგზავრონ", - თქვა ეკა ბესელიამ დღეს გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, შესაბამისი პროექტი უკვე მზად არის და ინიცირების დაწყებამდე მას კიდევ ერთხელ გადაუგზავნიან ყველა უწყებას, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

გარდა ამისა, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გამოითქვა იდეა, რომ უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენებაც სავალდებულო გახდეს.

"ამაზეც გვჭირდება დროული კონსენსუსი იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება მოსახლეობის უსაფრთხოების და მათი ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების შექმნას", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომენტარები