საგზაო უსაფრთხოება

ქობულეთის შემოვლით გზაზე რადარები და "ჭკვიანი" კამერები ამოქმედდა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე "ჭკვიანი" ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა.

"აღნიშნულ მონაკვეთზე, როგორც აღმოსავლეთის, ასევე, დასავლეთის მიმართულებით, 13 სექცია მოეწყო, სადაც 26 სიჩქარის მზომი რადარია დამონტაჟებული. მოქმედი კანონის თანახმად, ქობულეთის შემოვლით გზაზე გადაადგილება ნებადართულია არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, აჭარის რეგიონში, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სულ ზოგადი ხედვის 225 ვიდეოკამერა და სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი ამოქმედდა.

გარდა ამისა, შსს-ში ამბობენ, რომ საქართველოს მასშტაბით, სიჩქარის მზომი სექციები კიდევ 33 ლოკაციაზეა მოწყობილი და სხვადასხვა რეგიონში სულ დაფარულია 182 კმ საავტომობილო გზა.

აგვისტოში სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზეც. ისინი გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე, 10 სექციად არის განლაგებული. ამავე მონაკვეთზე, ასევე, ამოქმედდა ნომრის ამომცნობი "ჭკვიანი" კამერები, რომელთა საშუალებით სიჩქარის გადაჭარბების და სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები კონტროლდება.

გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე დამონტაჟებულია და ეფექტიანად ფუნქციონირებს 14 სექცია და 14 ვიდეოკამერა.

უწყებაში ამბობენ, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, "ჭკვიანი" ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟება გრძელდება. მათი ინფორმაციით, წლის ბოლომდე, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია 1200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება.

კომენტარები