ჯონ მაკკეინის გარდაცვალება

მაკკეინის სურვილით კუბოს ტაძარში რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ ყარა-მურზა მიასვენებს

ვლადიმირ ყარა-მურზა და ჯონ მაკკეინი
Reuters

სენატორმა ჯონ მაკკეინმა გარდაცვალებამდე საკუთარი დაკრძალვის ცერემონია დაგეგმა. მისი სურვილით ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში კუბოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ყოფილი სენატორი რას ფინგოლდი, ყოფილი თავდაცვის მდივანი უილიამ კოენი, მსახიობი უორენ ბეტი და რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ ყარა-მურზა მიასვენებენ.

Politico-ს ინფორმაციით მაკკეინმა კიბოს დიაგნოზიდან 9 თვის შემდეგ ყარა-მურზას წერილი გაუგზავნა შეკითხვით, სურდა თუ არა მიეღო მონაწილეობა მისი დაკრძალვის ცერემონიაში.

"სიტყვები არ მქონდა, გული მქონდა გატეხილი, ტირილის პირას ვიყავი. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ეს იქნება ყველაზე გულსატკენი პატივი, რისი წარმოდგენაც შეიძლება." უთხრა მან Politico-ს.

27 აგვისტოს, სენატორ მაკკეინის გარდაცვალების შემდეგ, ყარა-მურზამ The Washington Post-ში დაწერა:

"ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ეს დღე მოდიოდა, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ ასე მალე არ დადგებოდა. ის ჭეშმარიტი ლიდერი და ძვირფასი მეგობარი იყო და ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი დალოცვა იქნება, რომ მას ვიცნობდი."

36 წლის ვლადიმირ ყარა-მურზა ისტორიკოსი, ჟურნალისტი, მწერალი და პოლიტიკოსია. ის ბორის ნემცოვის მრჩეველი იყო და მჟამად მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია რუსეთის" თავმჯდომარეა. ის ორჯერ მოწამლეს.

შეგახსენებთ, რომ არიზონას შტატის რესპუბლიკელი სენატორი, ჯონ მაკკენინი 26 აგვისტოს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 2017 წლის შემდგომ თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმას - გლიობლასტომას ებრძოდა.

მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, მაკკეინი ბოლო დრომდე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში და მუდმივად აკრიტიკებდა დოლანდ ტრამპის პოლიტიკას. 

მაკკეინი საქართველოს მეგობარი იყო. ის მუდმივად ლობირებდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო საზოგადოებაში და ამასთან რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

სენატორ ჯონ მაკკეინს საქართველოს გმირის წოდება 2010 წლის 11 იანვარს, მის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში საქართველოსთვის გამოჩენილი თანადგომისთვის მიანიჭეს.

კომენტარები