ანდერს ფოგ რასმუსენი

რასმუსენი: საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის არ მიცემით პუტინს არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ

denesen.mk

Institute for War and Peace Reporting-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოსა და უკრაინისათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, MAP-ის მიცემაზე ისაუბრა და თქვა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ რუსეთს არასწორი სიგნალები გაუგზავნა.

"2008 წელს ბუქარესტში ნატოს სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. ჩემი აზრით ეს სწორი ნაბიჯი იყო. პირადად მე ვემხრობოდი საქართველოსა და უკრაინისათვის იქ და იმ დროს MAP-ის მიცემას. ჩემი აზრით ეს უნდა გაგვეკეთებინა, და იმით, რომ ეს არ გავაკეთეთ პუტინს არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ როდესაც თავი შევიკავეთ MAP-ის მიცემისაგან. მან იფიქრა, რომ ახლა შეეძლო აგრესიულად მოქცეულიყო, ისე, როგორ იმავე წელს მოიქცა, 2008 წლის აგვისტოში თავს დაესხა საქართველოს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ უნდა გაგვეგრძელებინა ის გზა და საქართველოსა და უკრაინისათვის MAP-ი მიგვეცა. ეს არ იქნებოდა წევრობის გარანტია, თუმცა ძლიერი სიგნალი იქნებოდა."

რასმუსენის თქმით ნატო შეცდა, როდესაც რუსეთი სტრატეგიულ პარტნიორად მიაჩნდა, საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მისცა და შესაძლოა ამან ხელი შეუწყო პუტინის გადაწყვეტილებას თავს დასხმოდა საქართველოს 2008 წლის აგვისტოში, რადგან, პუტინი ნებისმიერ დათმობას სისუსტედ აღიქვამს.

"ჩვენ გვეგონა, რომ რუსეთი შეგვეძლო გვექცია სტრატეგულ პარტნიორად და შეგიძლიათ გაიხსენოთ ნატო-რუსეთის სამიტი 2010 წელს, როდესაც გადაწყდა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება. მაგრამ დღეს უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი არაა, ის სტრატეგიული მოწინააღმდეგეა და ამაზე ადაპტაცია მოვახდინოთ. ისე ოპტიმისტურად აღარ ვარ განწყობილი, მაგრამ პრეზიდენტ პუტინის ფსიქოლოგიაზე ჩემი ცოდნიდან გამომდინარე, ერთადერთ გზად, იმისათვის, რომ გავაგებინოთ, რომ კოსტრუქციულად და თანამშრომლობის სურვილით უნდა მიუდგეს ურთიერთობას არის ის, რომ გვქონდეს მტკიცე პოზიცია და ტრანსატლანტიკური ერთობა, რადგან, რამდენადაც არ უნდა სურდეს საკუთარი თავის ძლიერ ლიდერად წარმოჩენა, ის აფასებს სხვა ძლიერ ლიდერებს. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ და არ წავიდეთ დათმობებზე, იმიტომ, რომ ის დათმობებს სისუსტედ აღიქვამს."

რასმუსენის თქმით ბუქარესტის სამიტზე პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებები სერიოზულად რომ მიეღოთ და სცოდნოდათ რას გააკეთებდა ის უკრაინაში, 2008 წელს უფრო მკაცრად იმოქმედებდნენ.

"დღეს უკვე ვნახეთ, რომ ისინი საკუთარ ქმედებებს იმეორებენ - მე ვგულისხმობ იმას, რასაც უკრაინაში აკეთებენ. დღევანდელი გადმოსახედიდან, შეგვიძლია ვიკამათოთ, რომ ეს რომ გვცოდნოდა, უფრო მკაცრად მოვიქცეოდით 2008 წელს, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ ერთი შანსი მიგვეცა. მახსოვს, რომ როდესაც თანამდებობა დავიკავე, ჩემი ერთ ერთი პრიორიტეტი რუსეთთან ძლიერი პარტნიორობის ჩამოყალიბება იყო. გვეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო, თუმცა უკრაინამ გვანახა, რომ შეუძლებელია. ახლახანს ჩემს ჩანაწერებს გადავხედე, 2008 წლის სამიტიდან. ჩემს ჩანაწერებში დავინახე, რომ პუტინმა ყირიმის შესახებ იმის მსგავსი განცხადებები გააკეთა, რაც ჩემდეგ საჯაროდაც განახორციელა. ეს რომ გვცოდნოდა, და მისი ნათქვამი სერიოზულად მიგვეღო, რა თქმა უნდა, სხვანაირი რეაქცია გვექნებოდა, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცით - ჩვენ მას შანსი მივეცით."

მან საქართველოსა და უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:

"თუ საქართველოს და უკრაინას ნათლად სურთ გახდნენ ნატოს და ევროკავშირის წევრები, უნდა დავუშვათ ამ პროცესის დაწყება, უარს არ უნდა ვეუბნებოდეთ. ჯერ კიდევ სანახავია შეასრულებენ თუ არა საჭირო კრიტერიუმებს, და საბოლოოდ, ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ წინასწარ უნდა ვუთხრათ, რომ "არავითარ შემთხვევაში, თქვენ დარჩებით ნეიტრალურ სივრცედ რუსეთსა და ნატოს შორის." ასეთ მიდგომას ვერ მივიღებთ.

ჩვენ ვამბობთ, რომ წევრობა ღია უნდა იყოს ყველა ევროპული ქვეყნისათვის, რომელბიც დემოკრატიულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა შეუძლიათ. საქართველო ამ ეტაპზე სამი კრიტერიუმიდან ორს აკმაყოფილებს. მესამე კრიტერიუმი ისაა, შეუძლია თუ არა საქართველოს წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ეს დისკუსია უკავშირდება აფხაზეთისა და ოსეთის ბედს. თუმცა, ეს საკითხი საქართველოს და ნატოს შორის დიალოგით უნდა გადაწყდეს, ეს მოსკოვის გადასაწყვეტი არაა." - თქვა მან.

კომენტარები