საზღვრის კვეთის სტატისტიკა

მარტში საქართველოში ირანის 1815 მოქალაქე არ შემოუშვეს - ეს თებერვლის მონაცემზე სამჯერ მეტია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის მარტში ქართველმა მესაზღვრეებმა ყველაზე მეტი უარი ირანის (1815) და ინდოეთის (404) მოქალაქეებს უთხრეს. ასევე, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, მარტში საქართველოში არ შემოუშვეს აზერბაიჯანის 228, თურქეთის 130, თურქმენეთის 66, სომხეთის 62 და რუსეთის 61 მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის თებერვალში საქართველოში ირანის 564 მოქალაქე არ შემოუშვეს. სტატისტიკის მიხედვით, მარტში უარის რაოდენობა გასამმაგებულია.


ფოტო: შსს

ყველაზე ნაკლები (1-1) უარი ქვეყანაში შემოსვლაზე ქართველმა მესაზღვრეებმა აშშ-ის, ალჟირის, დანიის, დომენიკის რესპუბლიკის, ზიმბაბვეს, იამაიკის, საფრანგეთის, შვედეთის, ფინეთის, შვეიცარიის, სომალის მოქალაქეებს უთხრეს.

ცნობისთვის, 2018 წლის 10 დეკემბერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ბაჰრამ ქასემიმ თქვა, რომ ირანი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის მიზეზი ირანის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე არშემოშვების გახშირებული ფაქტები გახდა. ამის შემდეგ, 2018 წლის 14 დეკემბერს ორგანიზაციის - "ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში" დაგეგმილი კონფერენცია გადაიდო. ორგანიზაციის პრეზიდენტის მოჰამმად ხალეყის ინფორმაციით, ორი ბიზნესმენი 11 დეკემბერს საქართველოში არ შემოუშვეს და უკან გააბრუნეს. 

Tansim News Agency-ის ინფორმაციით, თეირანმა სიტუაციის ახსნა მოითხოვა და ქასემისა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩ იოსებ ჩახვაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 10 დეკემბერს თქვა, რომ "ეს მხოლოდ სპეკულაციებია" და ამასთან დაკავშირებით "ერთობლივი ღონისძიებები" ჩატარდება. შსს-მ კი, 13 დეკემბერს განაცხადა, რომ მესაზღვრეები არ უშვებენ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს ვერ აკმაყოფილებენ. საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის 11 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი ირანის 2345 მოქალაქეს ეთქვა.

კომენტარები