ევროპული საქართველო 2020

ხოშტარია სააკაშვილის ნეგატიურ რეკლამაზე: პარტიის უმრავლესობა ამ ხაზს იზიარებს, მე — არა

კადრი ევროპული საქართველოს სარეკლამო რგოლიდან

ვაკის ოლქში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ არ იზიარებს პარტიის იმ წინასაარჩევნო ხაზს, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნეგატიურადაა წარმოჩენილი, რაშიც მათ შორის, მოიაზრებს საარჩევნო რგოლებს. 

ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ Facebook-ზე ერთერთი მოქალაქის პასუხად დაწერა, რომელმაც დეპუტატს ჰკითხა, მას, როგორც ოპოზიციის საერთო კანდიდატს ვაკის ოლქში, მოსწონდა, თუ არა ევროპული საქართველოს ის საარჩევნო რგოლი, სადაც მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების ლიდერ ბიძინა ივანიშვილსაა შედარებული. 

იმავე პოსტზე ელენე ხოშტარია გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ამ საარჩევნო რგოლს საჯაროდ არ გაემიჯნა, რის შემდეგაც დეპუტატმა დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კლიპი არ მოსწონს, არ ჰგონია, რომ წინასაარჩევნოდ ეს მისი მთავარი აქცენტი უნდა იყოს. 

"უმრავლესობა პარტიაში ასე ფიქრობს, არაა მხოლოდ ბოკერია. არ მგონია რომ ეს ჩემი საარჩევნო მთავარი აქცენტი უნდა იყოს, უბრალოდ აზრს მკაფიოდ ვაფიქსირებ, რასაც არ ვეთანხმები ეხლაც და მერეც და მანამდეც...

Facebook-ზეც ვუპასუხე, ტელევიზიებშიც ვისაუბრე დღეს, რომ ნამდვილად არ ვიზიარებ პარტიის ამ ხაზს. განსხვავებები ნამდვილად არის მე და თქვენ აზრებს შორის, მაგრამ არც კლიპის და არც ამ ფოტოს შინაარსი და ფორმა არ მომწონს, საზიანო მგონია". – წერს ელენე ხოშტარია კომენტარებში. 

ევროპულმა საქართველომ წინასაარჩევნოდ რამდენიმე ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთსაა შედარებული და ნეგატიურად არიან წარმოდგენილები. პარალელურად, პარტიამ ხელი მოაწერა ვალდებულებას ამომრჩეველთან, რომლის მიხედვითაც, ევროპული საქართველო, არც ქართულ ოცნებას შეუკრავს კოალიციას და არც მიხეილ სააკაშვილს დაუჭერს მხარს პრემიერმინისტრის პოსტზე. 

კომენტარები