არჩევნები 2020

საია 117 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას და ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვს

ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში 304 საჩივარი წარადგინა. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს. 

წარდგენილი საჩივრებიდან საია 117 უბანთან მიმართებით ითხოვს შემაჯამებელი ოქმების ბათილობას და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას.

"გასაჩივრებული ოქმების უმრავლესობაში დისბალანსი ან/და ოქმების გადასწორების ფაქტებია". - აცხადებს საია.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა წარდგენილი საჩივრები 2 დღის ვადაში უნდა განიხილონ. 

საიას გარდა, საჩივრები საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც შეიტანა. TI 60 საარჩევნო უბანზე ხმების ხელახლა დათვლას, 1 უბანზე კი შედეგების გაბათილებას ითხოვს.

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48.15% მიიღო, სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებით, ეს მონაცემი 45.8%-ია.

გარდა ამისა, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა. ეს გულისხმობს ბიულეტენების მეტობას ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე. ISFED-ის შეფასებით, ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ორგანიზაციის ცნობით, შედეგებზე შესაძლო გავლენა, დაახლოებით, 4%-ია. ISFED-ი წერს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა დათვალოს შედეგები იმ უბნებზე, სადაც ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა.

ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამოქვეყნებულ მონაცემებს არ ენდობა, 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

კომენტარები