ჯგუფური ყაჩაღობა

შსს: დავაკავეთ 2 ადამიანი – მათ ვარკეთილში ტოტალიზატორიდან თანხა გაიტაცეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო/კადრი ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის გამო ორი ადამიანი - 1988 წელს დაბადებული გ.კ. და 1986 წელს დაბადებული ჯ.ტ. დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები 15 დეკემბერს მეტროსადგურ ვარკეთილთან ერთ-ერთ ტოტალიზატორში მოლარეს დაესხნენ თავს, დანის მუქარით გააღებინეს სეიფი, თანხა და ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობები გაიტაცეს და მიიმალნენ. 

"სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე მოახდინეს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. პოლიციამ გ.კ. და ჯ.ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა. გატაცებული თანხის ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცებად". – წერია განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები