ნიკოლა სარკოზის საქმე

სასამართლომ სარკოზი კორუფციაში დამნაშავედ ცნო, ის ერთ წელს შინაპატიმრობაში გაატარებს

ნიკოლა სარკოზი

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კორუფციაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სარკოზის სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მათგან ორი წელი პირობითია.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სარკოზის შეუძლია, სასჯელის დარჩენილი ერთი წელი შინაპატიმრობაში, ელექტრონული სამაჯურით გაატაროს. 

სასამართლომ იგივე განაჩენი გამოუტანა სარკოზის ადვოკატ ტერი ერგოზის და მოსამართლე გილბერტ აზიბერს.

ნიკოლა სარკოზი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ინფორმაციის სანაცვლოდ მოსამართლისთვის პრესტიჟული სამსახურის შეთავაზების მცდელობაში დამნაშავედ ცნო.

გამოძიების თანახმად, 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ნიკოლა სარკოზიმ L'Oreal-ის მემკვიდრე ლილიან ბეტანკურისგან უკანონოდ ფულის მიღების საქმის დეტალების სანაცვლოდ მოსამართლეს მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა. 

პროკურატურის საქმე დამყარებული იყო სარკოზისა და მისი ადვოკატის ტერი ერზოგის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე. სარკოზიმ და ერზოგმა სატელეფონო საუბრების მოსმენა ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობის დარღვევად გამოაცხადეს, თუმცა 2016 წელს სასამართლომ მათი სამხილებად გამოყენება დასაშვებად მიიჩნია.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ სარკოზიმ ყალბი სახელით შეიძინა ტელეფონი თავის ადვოკატთან საიდუმლო საუბრებისთვის. ოცამდე შემთხვევაში ნიკოლა სარკოზი და მისი ადვოკატი განიხილავდნენ გილბერტ აზიბერთან დაკავშირების შესაძლებლობას. აზიბერი საფრანგეთის უზენაესი სააპელაციო სასამართლოს მთავარი იურისტია. პროკურორების თანახმად, აზიბერს დაევალა ბეტანკურთან დაკავშირებული სასამართლო გამოძიების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ამ საქმის მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა სარკოზის სასარგებლოდ. რის სანაცვლოდაც სარკოზი თავის კავშირებს გამოიყენებდა, რათა აზიბერს მონაკოში პრესტიჟული სამუშაო ადგილი დაეკავებინა.

სარკოზის თანახმად, გილბერტ აზიბერს მონაკოში არანაირი თანამდებობა არ დაუკავებია, თუმცა საფრანგეთის კანონმდებლობით მსგავსი სახის შეთავაზებაც კი უკვე კორუფციად მიიჩნევა.

კომენტარები