ბაჩანა შენგელია

შენგელია ენმ-ს: არ დაუშვათ ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევა

ბაჩანა შენგელია

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიმართავს, რომ ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წარმომადგენლის არჩევა არ დაუშვას. შენგელია წერს, რომ ქალაქში, სადაც "ია კერზაია გახარიას დანაშაულებრივმა ბრძანებამ შეიწირა, არ შეიძლება ოპოზიციის სახელით საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი იყოს".

"ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაზე უკვე დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავარაუდოდ შემდეგ კვირაში უნდა დასრულდეს. მივმართავ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს (არავის მოვნიშნავ, რადგან ამ პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები თითქმის ყველა პირი მეგობრებში მყავს), არ დაუშვათ ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენლის არჩევა! ჩემთვის ეს იქნება ყველანაირი წითელი ხაზი ამ პარტიასთან და სამწუხაროდ, ბევრ ჩემ მეგობართან ვინც ამ პარტიაშია.

იმ ქალაქში, სადაც ია კერზაია გახარიას დანაშაულებრივმა ბრძანებამ შეიწირა, არ შეიძლება ოპოზიციის სახელით საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი იყოს. ეს იქნება აღიარება იმისა, რომ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა და არა, ასეთი სიბინძურე პოლიტიკაში ნამდვილად არ მოსულა! ცალკე ამბავია ის, რომ ჩემი აზრით არცერთ ქალაქში ეს შეთანხმება გრძელვადიან შედეგს არ მოიტანს, რადგან ბოროტებასთან გარიგებას არასდროს არ მოუტანია სიკეთე. იმ ადამიანის პარტიის წევრს, რომლის კისერზე 20 ივნისი, იას გარდაცვალება, ანაკლიის დასამარება და კიდევ უამრავი მძიმე დანაშაულია, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ არაფერი ესაქმება. მისი პარტიის წევრები ამ ყველა ფაქტის მერე დადგნენ მასთან და შესაბამისად, უნდა იზიარებდნენ ყველა ზემოჩამოთვლილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას, ამიტომ მათ ზნეობაზე ან ღირებულებებზე ახლა აქ არაფერს დავწერ, ეს ისედაც ცხადია". – წერს ბაჩანა შენგელია.

ბაჩანა შენგელია ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილია. სკოლის დირექტორი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ უძღოდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური თვალსაზრისით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა, სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს მრავალჯერ შესთავაზეს მუშაობა ქართული ოცნების სასარგებლოდ, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს ბაჩანა შენგელიამ გამოაქვეყნა ის ანონიმური წერილი, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოჰკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ავტორის ვინაობის დადგენა.

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, "დანაშაულის არარსებობის გამო" გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ "ადგილი ჰქონდა "ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას". 6 ნოემბერს კი სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ შენგელიას სარჩელი დაარეგისტრირა.

კომენტარები