შრი-ლანკა

საპროტესტო აქციების შემდეგ შრი-ლანკის პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა

გოტაბაია რაჯაპაკსა

მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, შრი-ლანკის პრეზიდენტი, გოტაბაია რაჯაპაკსა ქვეყნიდან გაიქცა.

რაჯაპაკსა, ცოლთან ერთად, მალდივებზე გადაფრინდა. BBC-ის ინფორმაციით, ის აქ არ დარჩება და სხვა ქვეყანაში გადასვლას აპირებს. 

მას შემდეგ, რაც 9 ივლის დემონსტრანტები პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ, რაჯაპაკსა იმალებოდა. რაჯაპაკსამ პირობა დადო, რომ 13 ივლისს გადადგებოდა.

რაჯაპაკსას გაქცევით შრი-ლანკაში მისი ოჯახის ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებული მმართველობა დასრულდა.

ქვეყანა დატოვა გაქცეული პრეზიდენტის ძმამაც, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ბასილ რაჯაპაკსამ.

პრეზიდენტის გაქცევის მიუხედავად, შრი-ლანკის პრემიერმინისტრმა, რანილ ვიკრამასინგჰემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის დასავლეთ პროვინციაში დაწესებულია კომენდანტის საათი.

დემონსტრანტები პრემიერმინისტრის ოფისში შეჭრას ცდილობენ. აქამდე, მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

გასულ კვირაში მომიტინგეები, პრეზიდენტის რეზიდენციის გარდა, ფინანსთა სამინისტროს შენობაშიც შეიჭრნენ, რომელიც თვეების განმავლობაში მჯდომარე საპროტესტო აქციის ადგილი იყო. პოლიციამ ხალხის შეკავება ვერ შეძლო. მომიტინგეები პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაკსას გადადგომას ითხოვენ.

შრი-ლანკა პირველი სახელმწიფო გახდა აზიაში, რომელსაც საგარეო ვალი ორ ათწლეულზე მეტია არ გადაუხდია. მან ამოწურა უცხოური სავალუტო რეზერვები, შედეგად, ქვეყანაში საწვავის, მედიკამენტების და საკვების დეფიციტი აქვთ. კუნძულს 50 მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი აქვს: ყველაზე დიდი წილი კერძო ობლიგაციების მფლობელებზე მოდის, რასაც მოჰყვება კრედიტორები და ქვეყნები, მათ შორის იაპონია, ჩინეთი და ინდოეთი.

კომენტარები