წყალქვეშა ნავის გაუჩინარება

წყალქვეშა ნავზე ჟანგბადის მარაგის ამოწურვამდე რამდენიმე საათი რჩება, ძებნა გრძელდება

წყალქვეშა ნავი, რომელსაც მართავს OceanGate Expeditions-ი და ნიუფაუნდლენდის სანაპიროზე ჩაძირული ტიტანიკის ნამსხვრევების შესასწავლად ექსპედიციის მიზნით იყენებს
OceanGate Expeditions/Handout via

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის საპოვნელად სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ჟანგბადის მარაგის კლებასთან ერთად ძიება სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს იმ არეალში, სადაც გასულ დღეს წყალქვეშა ხმოვანი სიგნალები აღმოაჩინეს. ნავზე, სადაც 5 ადამიანი იმყოფება, ჟანგბადის რაოდენობა ჩვენი დროით 15:08 საათზე ამოიწურება. 

როგორც ინჟინერი, რონ ალუმი ამბობს, ნაკლებად სავარაუდოა, დაკარგული წყალქვეშა ნავი აფეთქებულიყო, თუმცა თუკი ნავის შიდა სივრცეში წყალმა შეაღწია, შესაძლოა სწორედ ეს უშლიდეს მის ნაპირზე ამოსვლას ხელს. 

"ხმა წყლის ქვეშ განსაკუთრებით კარგი სიხშირით ვრცელდება. ძლიერი აფეთქების შემთხვევაში, ხმას ათასობით მილის მანძილზე გავიგებდით. ვფიქრობ, ნავის კორპუსი არ უნდა დაზიანებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს დენის წყაროსთან კავშირი გაწყვეტილია". - აღნიშნა ალუმმა. 


ატლანტის ოკეანეში ფართომასშტაბიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო ღონისძიებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ტურისტული წყალქვეშა ნავი, რომელსაც მგზავრები ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად გადაჰყავდა, 18 ივნისს გაუჩინარდა.

კვლევითმა ხომალდმა Polar Prince-მა ნავ Titan-ი ეკიპაჟთან კონტაქტი წყალქვეშ გატარებული 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:45 საათზე დაკარგა.

აშშ-ს სანაპირო დაცვის თქმით, მათ პრობლემის შესახებ დაახლოებით 17:45 საათზე – კონტაქტის დაკარგვიდან რვა საათის შემდეგ შეატყობინეს, რის შემდეგაც დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 

ტურისტული ფირმა OceanGate-ის განცხადებით, ეკიპაჟის უსაფრთხოდ დასაბრუნებლად ყველა ვარიანტს განიხილავენ. სამძებრო სამუშაოებში სამთავრობო უწყებებიც არიან ჩართულნი. 

აშშ-ის სანაპირო დაცვის განცხადებით, სამძებრო ღონისძიებები ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი მხრივ, მიმდინარეობს ე.წ. ზედაპირული ძებნა, იმ შემთხვევაში თუ ნავი ოკეანის ზედაპირზე აღმოჩნდება, მეორე მხრივ, სამძებრო სამუშაოები წყლის სიღრმეში ექოლოკაციით მიმდინარეობს. 

გარდა ამისა, აშშ-ს სანაპირო დაცვის ინფორმაციით, კანადურმა ხომალდმა წყალქვეშა ხმოვანი სიგნალები აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ხმები 30 წუთის ინტერვალებით ისმოდა, თუმცა, გაუგებარია თუ საიდან მოდიოდა ხმები, ან რამდენ ხანს გრძელდებოდა

ამის შემდეგ სამძებრო სამუშაოები ხმაურის წარმოშობის ადგილის მოსაძებნად დაიწყეს, თუმცა, ამ ღონისძიებებს შედეგი არ მოჰყოლია. 

წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანიდან ჯერჯერობით 4 ადამიანის ვინაობის შესახებ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია. კერძოდ, ბორტზე იმყოფება 58 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მკვლევარი, ჰამიშ ჰარდინგი, 48 წლის პაკისტანელი მილიარდერი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი, მისი 19 წლის შვილი, სულემან დავუდი და 77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე. 

კომენტარები