წყალქვეშა ნავის გაუჩინარება

"ტიტანის" ნარჩენებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილებია აღმოჩენილი

აშშ-ს სანაპირო დაცვის ინფორმაციით, წყალქვეშა ნავის ტიტანის ნარჩენებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს. ნაპოვნ ადამიანის სხეულის ნაწილებს ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

უწყება გამოძიებას საწყის ეტაპებზეა. სანაპირო დაცვის საზღვაო საგამოძიებო საბჭო (MBI) მტკიცებულებებს აშშ-ს პორტში შემდგომი ანალიზისა და ტესტირებისთვის გადაიტანს. 

"ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა გასაკეთებელი იმ მიზეზების დასადგენად, რამაც ტიტანის კატასტროფული დაკარგვა გამოიწვია და დაგვეხმარება, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს". - ამბობს MBI-ის ხელმძღვანელი, კაპიტანი ჯეისონ ნოიბაუერი. 

ტიტანიკის მახლობლად ჩაძირული წყალქვეშა ნავის, ტიტანის ნარჩენები ოკეანის ფსკერიდან ხმელეთზე გუშინ, 28 ივნისს ამოიტანეს.

ნარჩენები კანადაში, ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის პროვინციაში მდებარე პორტში მიიტანეს. კომპანიაში, Pelagic Research Services-ში, რომელსაც წყალქვეშა ნავი ეკუთვნოდა, ამბობენ, რომ ტიტანთან დაკავშირებულ გამოძიებაზე ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვიან, რადგან მათი ჯგუფი "კვლავ მისიაზეა". გამოძიებაში ჩართული არიან აშშ-სა და კანადის სახელმწიფო სააგენტოები.

დისტანციურად მართვადი წყალქვეშა ნავის ნარჩენები 3 810 მეტრის სიღრმეზე, ჩაძირული ტიტანიკიდან 488 მეტრის დაშორებით იპოვეს.

აშშ-ს სანაპირო დაცვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხომალდის ნარჩენების გაანალიზებამ შესაძლოა გამოძიებას მნიშვნელოვანი სამხილები მისცეს. არ გამორიცხეს ელექტრონული ინფორმაციის შემორჩენის შესაძლებლობაც.

ტურისტული კომპანია OceanGate Expeditions-ის ცნობით, დაკარგული წყალქვეშა ნავის პილოტი და ოთხივე მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სანაპირო დაცვაც.

წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა OceanGate Expeditions-ის მიერ ორგანიზებულ 8-დღიან ექსპედიციაზე, რომლის ფარგლებში ბორტზე მყოფ ადამიანებს ატლანტის ოკეანეში 3 800 მეტრ სიღრმეზე მყოფი ტიტანიკის ნამსხვრევები უნდა დაეთვალიერებინათ. 18 ივნისს კვლევითმა ხომალდმა Polar Prince-მა ნავ Titan-ის ეკიპაჟთან კონტაქტი წყალქვეშ გატარებული 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:45 საათზე დაკარგა.

აშშ-ს სანაპირო დაცვის თქმით, მათ პრობლემის შესახებ დაახლოებით 17:45 საათზე –კონტაქტის დაკარგვიდან რვა საათის შემდეგ შეატყობინეს, რის შემდეგაც დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 

კომენტარები