წყალქვეშა ნავის გაუჩინარება

ტიტანიკის მახლობლად ჩაძირული წყალქვეშა ნავის ნარჩენები ოკეანის ფსკერიდან ამოიტანეს

ჩაძირული წყალქვეშა ნავის ნარჩენები.
Paul Daly

ტიტანიკის მახლობლად ჩაძირული წყალქვეშა ნავის, ტიტანის ნარჩენები ოკეანის ფსკერიდან ხმელეთზე ამოიტანეს.

ნარჩენები კანადაში, ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის პროვინციაში მდებარე პორტში მიიტანეს. კომპანიაში, Pelagic Research Services-ში, რომელსაც წყალქვეშა ნავი ეკუთვნოდა, ამბობენ, რომ ტიტანთან დაკავშირებულ გამოძიებაზე ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვიან, რადგან მათი ჯგუფი "კვლავ მისიაზეა". გამოძიებაში ჩართული არიან აშშ-სა და კანადის სახელმწიფო სააგენტოები.

დისტანციურად მართვადი წყალქვეშა ნავის ნარჩენები 3 810 მეტრის სიღრმეზე, ჩაძირული ტიტანიკიდან 488 მეტრის დაშორებით იპოვეს.

აშშ-ს სანაპირო დაცვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხომალდის ნარჩენების გაანალიზებამ შესაძლოა გამოძიებას მნიშვნელოვანი სამხილები მისცეს. არ გამორიცხეს ელექტრონული ინფორმაციის შემორჩენის შესაძლებლობაც.

ტურისტული კომპანია OceanGate Expeditions-ის ცნობით, დაკარგული წყალქვეშა ნავის პილოტი და ოთხივე მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სანაპირო დაცვაც.

წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა OceanGate Expeditions-ის მიერ ორგანიზებულ 8-დღიან ექსპედიციაზე, რომლის ფარგლებში ბორტზე მყოფ ადამიანებს ატლანტის ოკეანეში 3 800 მეტრ სიღრმეზე მყოფი ტიტანიკის ნამსხვრევები უნდა დაეთვალიერებინათ. 18 ივნისს კვლევითმა ხომალდმა Polar Prince-მა ნავ Titan-ის ეკიპაჟთან კონტაქტი წყალქვეშ გატარებული 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:45 საათზე დაკარგა.

აშშ-ს სანაპირო დაცვის თქმით, მათ პრობლემის შესახებ დაახლოებით 17:45 საათზე –კონტაქტის დაკარგვიდან რვა საათის შემდეგ შეატყობინეს, რის შემდეგაც დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 

კომენტარები