წყალქვეშა ნავის გაუჩინარება

აშშ-ს სანაპირო დაცვის ცნობით, ტიტანიკის მახლობლად ნამსხვრევები იპოვეს

წყალქვეშა ნავი, რომელსაც მართავს OceanGate Expeditions-ი და ნიუფაუნდლენდის სანაპიროზე ჩაძირული ტიტანიკის ნამსხვრევების შესასწავლად ექსპედიციის მიზნით იყენებს
OceanGate Expeditions/Handout via

აშშ-ის სანაპირო დაცვის ცნობით, საძიებო ზონაში ტიტანიკის მახლობლად ნამსხვრევების ადგილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ჯერჯერობით დამატებით დეტალები უცნობია.

ატლანტის ოკეანეში ფართომასშტაბიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო ღონისძიებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ტურისტული წყალქვეშა ნავი, რომელსაც მგზავრები ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად გადაჰყავდა, 18 ივნისს გაუჩინარდა.

კვლევითმა ხომალდმა Polar Prince-მა ნავ Titan-ი ეკიპაჟთან კონტაქტი წყალქვეშ გატარებული 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:45 საათზე დაკარგა.

აშშ-ს სანაპირო დაცვის თქმით, მათ პრობლემის შესახებ დაახლოებით 17:45 საათზე – კონტაქტის დაკარგვიდან რვა საათის შემდეგ შეატყობინეს, რის შემდეგაც დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 

ტურისტული ფირმა OceanGate-ის განცხადებით, ეკიპაჟის უსაფრთხოდ დასაბრუნებლად ყველა ვარიანტს განიხილავენ. სამძებრო სამუშაოებში სამთავრობო უწყებებიც არიან ჩართულნი. 

აშშ-ის სანაპირო დაცვის განცხადებით, სამძებრო ღონისძიებები ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი მხრივ, მიმდინარეობს ე.წ. ზედაპირული ძებნა, იმ შემთხვევაში თუ ნავი ოკეანის ზედაპირზე აღმოჩნდება, მეორე მხრივ, სამძებრო სამუშაოები წყლის სიღრმეში ექოლოკაციით მიმდინარეობს. 

გარდა ამისა, აშშ-ს სანაპირო დაცვის ინფორმაციით, კანადურმა ხომალდმა წყალქვეშა ხმოვანი სიგნალები აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ხმები 30 წუთის ინტერვალებით ისმოდა, თუმცა, გაუგებარია თუ საიდან მოდიოდა ხმები, ან რამდენ ხანს გრძელდებოდა

ამის შემდეგ სამძებრო სამუშაოები ხმაურის წარმოშობის ადგილის მოსაძებნად დაიწყეს, თუმცა, ამ ღონისძიებებს შედეგი არ მოჰყოლია. 

წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანიდან ჯერჯერობით 4 ადამიანის ვინაობის შესახებ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია. კერძოდ, ბორტზე იმყოფება 58 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მკვლევარი, ჰამიშ ჰარდინგი, 48 წლის პაკისტანელი მილიარდერი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი, მისი 19 წლის შვილი, სულემან დავუდი და 77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე. 

კომენტარები