წყალქვეშა ნავის გაუჩინარება

გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა

წყალქვეშა ნავი, რომელსაც მართავს OceanGate Expeditions-ი და ნიუფაუნდლენდის სანაპიროზე ჩაძირული ტიტანიკის ნამსხვრევების შესასწავლად ექსპედიციის მიზნით იყენებს
OceanGate Expeditions/Handout via

ტურისტული კომპანია OceanGate Expeditions-ის ცნობით, დაკარგული წყალქვეშა ნავის პილოტი და ოთხივე მგზავრი დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სანაპირო დაცვაც.

აშშ-ის სანაპირო დაცვის განმარტებით, ტურისტულმა წყალქვეშა ნავმა, რომელსაც მგზავრები ტიტანიკის ნამსხვრევების სანახავად გადაჰყავდა, წნევას ვერ გაუძლო და ნაწილებად დაიშალა, რის გამოც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

"ეს ადამიანები იყვნენ ნამდვილი მაძიებლები იყვნენ, რომლებიც იზიარებდნენ გამორჩეულ სულისკვეთებას თავგადასავლებისადმი და ძლიერ ვნებას, ეკვლიათ და დაეცვათ მსოფლიოს ოკეანეები". - წერია კომპანიის განცხადებაში.

წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა OceanGate Expeditions-ის მიერ ორგანიზებულ 8-დღიან ექსპედიციაზე, რომლის ფარგლებში ბორტზე მყოფ ადამიანებს ატლანტის ოკეანეში 3 800 მეტრ სიღრმეზე მყოფი ტიტანიკის ნამსხვრევები უნდა დაეთვალიერებინათ. 18 ივნისს კვლევითმა ხომალდმა Polar Prince-მა ნავ Titan-ი ეკიპაჟთან კონტაქტი წყალქვეშ გატარებული 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:45 საათზე დაკარგა.

აშშ-ს სანაპირო დაცვის თქმით, მათ პრობლემის შესახებ დაახლოებით 17:45 საათზე – კონტაქტის დაკარგვიდან რვა საათის შემდეგ შეატყობინეს, რის შემდეგაც დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 

ტურისტული ფირმა OceanGate-ის განცხადებით, ეკიპაჟის უსაფრთხოდ დასაბრუნებლად ყველა ვარიანტს განიხილავენ. სამძებრო სამუშაოებში სამთავრობო უწყებებიც არიან ჩართულნი. 

აშშ-ის სანაპირო დაცვის განცხადებით, სამძებრო ღონისძიებები ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი მხრივ, მიმდინარეობს ე.წ. ზედაპირული ძებნა, იმ შემთხვევაში თუ ნავი ოკეანის ზედაპირზე აღმოჩნდება, მეორე მხრივ, სამძებრო სამუშაოები წყლის სიღრმეში ექოლოკაციით მიმდინარეობს. 

გარდა ამისა, აშშ-ს სანაპირო დაცვის ინფორმაციით, კანადურმა ხომალდმა წყალქვეშა ხმოვანი სიგნალები აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ხმები 30 წუთის ინტერვალებით ისმოდა, თუმცა, გაუგებარია თუ საიდან მოდიოდა ხმები, ან რამდენ ხანს გრძელდებოდა

ამის შემდეგ სამძებრო სამუშაოები ხმაურის წარმოშობის ადგილის მოსაძებნად დაიწყეს, თუმცა, ამ ღონისძიებებს შედეგი არ მოჰყოლია. 

წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანიდან ჯერჯერობით 4 ადამიანის ვინაობის შესახებ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია. კერძოდ, ბორტზე იმყოფება 58 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მკვლევარი, ჰამიშ ჰარდინგი, 48 წლის პაკისტანელი მილიარდერი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი, მისი 19 წლის შვილი, სულემან დავუდი და 77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე. 

კომენტარები